top of page

ჰიპერმზრუნველობა - ანუ „მახრჩობელა მშობელი“

Sep 28
7 min read

ხშირად ვსაუბრობთ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ძალადობის სხვადასხვა ფორმები გამოიყოფა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა, ბავშვის იზოლირება, მისი მოთხოვნილებების უარყოფა და დეპრივაცია. ერთი შეხედვით, ბავშვის ეფექტური განვითარებისთვის შესატყვისი მზრუნველი მშობელია. თუმცა გადაჭარბებული მზრუნველობაც ძალადობაა.

მშობელმა შესაძლოა უთხრას თავის შვილს: „მშია, მოდი ვჭამოთ!“; „მცივა, ჩაიცვი სვიტერი!“ ამით ის შემდეგ მითითებას აძლევს საკუთარ შვილს: „თავად არ იგრძნო, იგრძენი ისე, როგორც მე“. დედას ეზოში ჩაჰყავს შვილი და „იცავს“ ბავშვს „საფრთხისგან“: „არ ირბინო“; „ასე სწრაფად ნუ დარბიხარ“; „ველოსიპედზე არ დაჯდე, გადმოვარდები“; „სტადიონზე არ შეხვიდე, ბურთი მოგხვდება“; „კიბეზე არ ახვიდე, ჩამოვარდები და დაიმტვრევი“; „იმ ბავშვებთან არ ითამაშო, არ დაგჩაგრონ“; „ჩემთან იჯექი, აქ ითამაშე“; „ქვიშაში ნუ თამაშობ, დაისვრები“. ეს ყველაფერი გულისხმობს შემდეგს: „არ გაინძრე! არ ისუნთქო! არ გააკეთო არაფერი! რადგან ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ, იმდენად სახიფათოა, რომ სჯობს, საერთოდ არაფერი არ გააკეთო!“ ზრდასრულ ასაკში კი, თუ ვინმემ არ იცის რა ქნას, მუდმივად ქმედების დეფიციტს, ინიციატივის ნაკლებობას და უსარგებლობას გრძნობს, ის ხშირად ბავშვობიდან ამ მესიჯების მატარებელია. ამ გზავნილებს გასცემენ ჰიპერმზრუნველი მშობლები, რომლებიც საკმაოდ ეჭვიანები არიან, არ აქვთ შვილის მიმართ ნდობა და მუდმივად ეშინიათ, რომ მათი შვილი რაიმეს გააფუჭებს, თუ გათავისუფლდება მშობლისეული ზრუნვისგან.

სახლში მშობელი ამგვარად შეიძლება „ახრჩობდეს“ საკუთარ შვილს: „მე გაჭმევ, შენ არ იცი, კოვზი როგორ უნდა დაიჭირო, გარშემო ყველაფერს ანაგვიანებ, ამიტომ მე სწრაფად და სუფთად გაჭმევ“; „მე ჩაგაცმევ დროულად, შენ დიდხანს უნდები ღილების შეკვრას“; „ბოლომდე შეჭამე კერძი, ჩემი ხათრით, მამიკოს ხათრით, ბებოს ხათრით, ნამცეცი არ დატოვო.“ ამ ყველაფერს შესაძლოა მშობელი ზედმეტი მრისხანების გარეშე, მშვიდი ტონალობით ამბობდეს, თუმცა მისი მოტივაცია და დამოკიდებულება ყველა შემთხვევაში ძალადობრივია, ბავშვის მოთხოვნილებისა და ფუნქციური ტენდენციის დეპრივაციას ახდენს, მის ასე მნიშვნელოვან სენსო-მოტორულ აქტივობას თრგუნავს. ამის შემდგომ ბავშვი ლოგიკურად ღიზიანდება, გამოხატავს რისხვას, ჭირვეულობს, ჯიუტობს, თუმცა ამ აგრესიისთვის ისჯება, აბა, როგორ შეიძლება ასეთი ქცევა, ის ხომ წესიერი და დამჯერი უნდა იყოს?! ზე-მზრუნველი მშობელი პირველ რიგში საკუთარ თავს, ბავშვსაც და გარშემომყოფთაც აჯერებს, რომ მისი შვილი „რთული ბავშვია“, „ძნელად აღსაზრდელია“ და ამით, იმატებს ბონუსებს საზოგადოებაში, რომ ძეგლი უნდა დავუდგათ მშობელს, რომელმაც ამ სირთულეებს გაუძლო. ისინი საკმაოდ უხეში იარლიყებით გამოირჩევიან შვილის მიმართ: „შე ბინძურო, თავხედო, ენატლიკინა, უზრდელო, ჯიუტო...“ საბოლოოდ, ბავშვი აუთენტურ აგრესიასაც თრგუნავს მშობლების მიმართ და დაგროვილ ნეგატიურ ენერგიას და-ძმებზე, სხვა ბავშვებსა და საგნებზე მიმართავს, მაგრამ ესეც არ შეიძლება, ამ ქცევისთვისაც დაისჯება და ბოლოს ისღა დარჩენია, მთელი რისხვა საკუთარი თავისკენ წარმართოს, რათა გადარჩეს, უყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, დანაშაულის განცდა, უსუსურობისა და სასოწარკვეთის განცდები. შემდგომშიც დარწმუნებულია, რომ თავად არ შეუძლია ცხოვრებისეული საკითხების გადაჭრა, აქამდე ხომ მის ნაცვლად ყოველთვის სხვები აკეთებდნენ ყველაფერს.



სოციალური ცხოვრებაში ჰიპერმზრუნველი მშობლები მოითხოვენ ბავშვებისგან, რომ იყვნენ ყველანაირად განვითარებულნი და წარმატებულნი. მათი აკადემიური მოსწრება უნდა იყოს იდეალური, უნდა შეძლონ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, სპორტის რამდენიმე სახეობაზე სიარული, ხატვა, ცეკვა. მერე რა, თუ ბავშვს არ სურს და ვერც ახერხებს ამ ყველაფრის შესრულებას, სამაგიეროდ, დედა იამაყებს ყველგან თავისი „მრავალმხრივ განვითარებული და წარმატებული“ შვილით. სტუმრად ყოფნისას ბავშვი იდეალურად უნდა იქცეოდეს, რომ მშობელი არ შეარცხვინოს. სახლში ბევრი უნდა ჭამოს, ნამცეცი არ უნდა დატოვოს, სტუმრად - ცოტა, ზედმეტი არ უნდა მოითხოვოს, ხოლო თუ მასპინძელი ნამცხვარს გაუწოდებს, დედამ შესაძლოა ბავშვის ნაცვლად თქვას: „არა, არ უნდა!“ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სურვილი შეიძლება საწინააღმდეგო იყოს.

ზე-მზრუნველი მშობლის კლასიკური ფრაზებია: „მე მითხარი ყველაფერი“; „მე დედა ვარ და ჩემზე კარგ რჩევას ხომ იცი, ვერავინ მოგცემს“; „უჩემოდ ხომ იცი, ვერ გააკეთებ“. ისინი საკმაოდ თავდაჯერებულნი, თვითდარწმუნებულნი, ხშირად ნარცისული, ქედმაღლურნი არიან. მათ ყველაფერი ყველაზე კარგად, ყველაზე სწორად იციან. ყოველთვის „მართლები“ არიან. მათი ქცევა იდეალურია, თვითრწმენა და თვითწარმოდგენა საუკეთესო აქვთ. მათ არაფერი ეშლებათ, იდეალურები არიან. ამით ბავშვმა შეიძლება გადაწყვიტოს: „ჩემს გარშემო ყველაფერი ცუდია, არავის არ უნდა ვენდო, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია დამოუკიდებლად“. აგრესიის შიგნით მიმართული ვექტორი, ეს ის ფსიქოლოგიური მეტასტაზია, რომელიც ბავშვობაშიც და ზრდასრულობაშიც ნებისმიერი ნევროტული სიმპტომატიკის გამომწვევია, როგორიცაა: შიშები და ფობიები, აკვიატებული ქმედებები, პანიკური შეტევები, დეპრესია, ფსიქოსომატური ჩივილები, კომუნიკაციური სირთულეები, სექსუალური პრობლემები, თვითშეფასების პრობლემატიკა, ადიქცია, ცხოვრების საზრისის და მიზნების არარსებობა და მრავალი სხვა.

ჰიპერმზრუნველი მშობლები მუდმივად აკონტროლებენ შვილს, ზრუნავენ, გადაჭარბებული ყურადღების ქვეშ ჰყავთ ბავშვი, თუმცა უფრო ნაკლებად ავლენენ სითბოს. მათთვის ბევრად ადვილია აგრესიის, ჭკუის სწავლების, ლექციის წაკითხვის, კონტროლის რეჟიმში ყოფნა, ვიდრე ემპათია, გაგება და გაზიარება. ერთი მხრივ, ზრუნავენ, იცავენ შვილებს, ყველაფერს საკუთარი ხელით უკეთებენ, მეორე მხრივ კი, ძალიან მკაცრები არიან, მუდმივად აკონტროლებენ ბავშვის ყველა ნაბიჯს, მათი ქცევა და დამოკიდებულებები არათანმიმდევრულია.

ჰიპერმზრუნველი მშობლები თანადამოკიდებული მშობლები არიან, მათი შვილები კი საკმაოდ ხშირად - ადიქციურები. ზრდასრულ ასაკში, შვილის განწყობები ვარიაბელურია, მისი აზრები, ქცევა კიპაროსივით რხევადია, აგრესიის ვექტორი - სწრაფად ცვალებადი. ის ერთ მომენტში საკმაოდ აგრესიული, რისკიანი, ყველაფერზე წამსვლელი, დესტრუქციული და კონფლიქტურია, თუმცა მეორე მომენტში, ძლიერი თვითდესტრუქციით, დანაშაულის განცდითა და თვითგვემით იტანჯება. თან ძლიერი მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება აქვს მშობლის მიმართ, თანადამოკიდებულებაშია, თან მუდმივად ჯანყდება მის წინააღმდეგ (სამყაროს წინააღმდეგ), მატყუარა და მანიპულატორია. მშობლისაგან ძლიერი ინტროექტები აქვს: შესაძლოა კოგნიტურად და ლოგიკურად არ სჯეროდეს მშობლის რწმუნებების, მაგალითად იმის, რომ თუ არ დაუჯერებს დედას, ავი თვალი ეცემა, ტეტანუსი დაემართება, ღმერთი დასჯის და ა.შ.; შესაძლოა, გარეგნულად, ქცევით იცინოდეს კიდეც ამგვარ გამონათქვამებზე, ირაციონალურად, აბსურდულად აღიქვამდეს, დედას სიტყვას ბანზე უგდებდეს, თუმცა გულის სიღრმეში, ემოციურად, ხშირად გაუცნობიერებლად, სჯერა ამ რწმუნებულებების. ამ ინტროექტებს ღრმა, ინტენსიური გავლენა აქვს მის ყოველდღიურობაზე, ტანჯავს და სიმპტომატიკასა და აშლილობებში ვლინდება.

კარპმანის სამკუთხედით, ჰიპერმზრუნველი მშობელი ხშირად მხსნელის როლშია, რომელიც OK პოზიციიდან არა OK-დ აღიქვამს საკუთარ შვილს და მის სადარაჯოზეა, თითქოს შვილის საუკეთესო ინტერესიდან მოქმედებს, მისი შვილი სუსტია, უნიათო და უსუსურია, 30 წლის ვაჟიც უსუსური ბავშვია, რომელსაც მხოლოდ დედა გადაარჩენს, ზრდასრული „ბავშვი“ კი, თავის მხრივ, უმწეო მოუმწიფებლობით იტანჯება.  

ბავშვმა თუ თითი გაიჭრა ან ფეხი გაიკაწრა, წაიქცა, სიცხე აქვს თუ ახველებს, ზე-მზრუნველმა დედამ შესაძლოა პანიკა ატეხოს საკუთარი შვილის „გადასარჩენად“. ბავშვს ძალიან აშინებს დედის ემოციები მის დიდ თუ პატარა უბედურებაზე. მას ჰგონია, რომ იმაზე ბევრად საშინელი რამ მოუვიდა, ვიდრე წარმოედგინა, შესაძლოა მოკვდეს ნაკაწრის გამო, ან დედას დაემართოს რამე ცუდი, ეს კი მისი დანაშაული იქნება. მსგავსი სიტუაციები პროვოცირებას უკეთებს ფობიებს, მაღალშფოთიანობას, პანიკურ აშლილობას, იპოქონდრიას მომავალში. დედის პანიკის თავიდან ასაცილებლად ბავშვმა შესაძლოა დამალოს ხოლმე მნიშვნელოვანი უბედურებაც კი და შემდგომი გართულებები გამოიწვიოს. ან პირიქით, შეიძლება დედის შიში და პანიკური რეაქციები მანიპულირებისთვის გამოიყენოს, ნებისმიერ პრობლემაზე მივარდეს დედას და ანახოს ნატკენი, შესაძლოა გამოიგონოს ცუდად ყოფნა, ან რაიმე მოიცხოს და დაიწყოს ყვირილი, თითქოს სისხლი მოსდის. შემდგომ კი შეიძლება ბევრი იცინოს, გაერთოს დედის პანიკური რეაქციით. ეს მშობლის მიმართ გამოხატული აგრესიაა. აღნიშნულ მანიპულაციაში ბავშვის შემდეგი გზავნილი ჟღერდება: „მე სამაგიეროს გიხდი ყველაფერი ცუდისთვის, რაც შენ გამიკეთე, ეგრე გინდა, ასეც მოგიხდება!“ მგავს ფსიქოპათიური ხასიათის ქცევებს ავლენენ ხოლმე ბავშვები დედის „გასაგიჟებლად“, „სჯიან ყველაფრისთვის“, ჯიბრით აკეთებენ იმას, რაც დედამ დაუშალა, ამბობენ უწმაწურ სიტყვებს, აწვალებენ სხვა ბავშვებს, აფუჭებენ ნივთებს.



ჰიპერმზრუნველი მშობელი ბავშვობიდან მოყოლებული ზრდასრულ შვილსაც კი ხშირად უმალავს ნეგატიურ ინფორმაციას ოჯახში ან გარემოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ახლობლის ან ოჯახის წევრის ცუდად ყოფნას, სამსახურეობრივ სირთულეს, კონფლიქტს ნაცნობთან ან უცნობთან. ამიტომ, ამ ინფორმაციის დეფიციტით, ხშირად, თუნდაც ზრდასრული შვილის ქცევა შესაძლოა, შეუსაბამოდ გამოიყურებოდეს; ან უფრო ხშირად, შვილი გრძნობს პრობლემას, მაგრამ ვერ ხვდება, რაშია საქმე, თავს გაურკვევლად, გაუგებრად გრძნობს, ხოლო როდესაც შემთხვევით ან ბედის გარდაუვალობით შეიტყობს ამ ნეგატიურ ამბავს (მაგ., ახლობელთან საუბარში, ან ოჯახის წევრი გარდაიცვალა), მისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, ფიქრობს, რომ ვერ გადაიტანს, მისი ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებს და ჰიპერმზრუნველი მშობელიც სწორედ ამას ეუბნება: „მე იმიტომ არ გითხარი მანამდე, რომ შენ არ გენერვიულა“; „კი, მაგრამ, ახლა რომ გავიგე და ვნერვიულობ?“ „სამაგიეროდ, აქამდე არ ნერვიულობდი“ - მიუგებს თავდაჯერებით შვილის „დასაცავად“ მუდამ მზაობაში მყოფი ზე-მზრუნველი მშობელი და იმას ვერ ხვდება, რომ შვილმა აქამდე ინტუიციით ან სხვადასხვა ფაქტთა კომბინაციით ქვეცნობიერად უკვე იცოდა ამ ინფორმაციის შესახებ, უბრალოდ, ცნობიერად დიდი ხანი გაურკვევლობაში იყო, ეს კი ყველაზე საშინელი განცდაა ადამიანისთვის. ასევე, ნეგატიურ ინფორმაციას სჭირდება ნელ-ნელა მიწოდება, მიღება, გათავისება, მასთან დარჩენა, გლოვასაც თავისი ფაზები აქვს და ამის უფლება და საჭიროება უნდა ჰქონდეს როგორც ბავშვს, ისე ნებისმიერ ადამიანს. ამბის დამალვით, სინამდვილეში, კი არ ვიცავთ ბავშვს, არამედ, უფრო დიდი საფრთხის წინაშე ვაყენებთ, რადგან მან ბავშვობიდან არ იცის, რა უყოს მოულოდნელად მიღებულ შოკისმომგვრელ ინფორმაციას, როგორ გადაამუშაოს, როგორ გაითავისოს, თან დედა აქაც ურჩევს, რომ არ ინერვიულოს, ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ, დიდი ალბათობით, ის გაექცევა საკუთარ თავს და რეალობას, რადგან ინფორმაციის დამალვის გამოცდილებით, მას ეს მოვლენა იმაზე საშიში, საშინელი და გადაულახავი ჰგონია, ვიდრე ის სინამდვილეშია. გაქცევის მცდელობით კი ის მიმართავს ალკოჰოლს, წამალს, თვითდაზიანებას, დესტრუქციულ ქცევას, საიდანაც იწყება ადიქციის ის ავადსახსენებელი ციკლი, რომელიც ხშირად მთელი ცხოვრება სტანჯავს ადამიანს. ეს თავშესაფარია იმისგან, რომ მან არ იცის, რა უყოს საკუთარ თავს, უმიზნოა, ვერ ზიდავს საკუთარ აზრებსა და ემოციებს, განცდა აქვს, რომ არაფერი შეუძლია.

ზემოთ აღწერილი ნეგატიური ამბის დამალვით ხომ იცავს ზე-მზრუნველი მშობელი შვილს, სამაგიეროდ, პირდაპირ მიახლის საკუთარი ავადობის შესახებ (შესაძლოა ტყუილსაც); მაგ., „მაღალი წნევა მაქვს, ვკვდები; ეს არ გააკეთო, თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა; მამაშენს გული გაუსკდება და მოკვდება“ და ა.შ. ანუ პირდაპირი მნიშვნელობით აშინებს და მანიპულირებს შვილით, რათა ეფექტურად მართოს მისი ქცევა.  

ფსიქოანალიტიკოსი ალფრედ ადლერი ზე-მზუნველობას (ბავშვის „გაფუჭებას“) ყველაზე დიდ წყევლად თვლიდა. განებივრებულ ბავშვებს არ უვითარდებათ სოციალური განცდები, ისინი ხდებიან დესპოტები, ელოდებიან რა საზოგადოებისგან, რომ მოერგონ მათ ეგოცენტრულ სურვილებს. ასეთ ადამიანებს ადლერი პოტენციურად საზოგადოებისთვის ყველაზე საშიშებად მიიჩნევდა.

საინტერესოა, საიდან მოდის მშობლის ჰიპერმზრუნველობა? ამის მიზეზი მათივე ბავშვობასა და გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ. შესაძლოა, ასეთი მშობელი თავადაც ჰიპერმზრუნველობის „მსხვერპლი“ იყო ბავშვობაში, მშობლისთვის შესაფერისი იგივე ქცევის პატერნები აქვს და სხვაგვარი მშობლობა ვერ წარმოუდგენია. თუმცა, თერაპიაზე ისეც ჩანს, რომ ასეთ მშობელს ბავშვობაში ხშირად უჩნდებოდა დედ-მამისაგან გარიყულობისა და მიტოვებულობის განცდები, ისინი ხშირად არიან ხოლმე მრავალშვილიანი ოჯახიდან და განიცდიდნენ მარტოობასა და უყურადღებობას; ან მათი მშობლები ავლენდნენ ჰიპერმზრუნველ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას დედმამიშვილის, მაგ., ბიჭის მიმართ, ანუ პრიორიტეტდებოდა ბიჭი შვილი, ხოლო ის ყურადღების მიღმა რჩებოდა. შესაძლოა მისგანაც მოითხოვდა მშობელი, განსაკუთრებული მზრუნველობა და სიყვარული გამოეხატა ძმის მიმართ. ეს მოცემულობა მასში პოტენციურად იწვევდა არასრულფასოვნების განცდას, აგრესიას ძმისა და მშობლების მიმართ, თუმცა ეს არ წახალისდებოდა, იკრძალებოდა და შინაგან კონფლიქტად ჩამოყალიბდა. ეს შიდა კონფლიქტი არ ცნობიერდება და ვლინდება ზე-მზრუნველი მშობლის არათანმიმდევრულობაში, ჰიპერკომპენსაციაში. ამ გადატანილი ემოციების ფონზე, ასეთი ადამიანი გადაწყვეტს, თვითონ რომ შვილი ეყოლება, სულ მის გვერდით იქნება, მუდამ ყურადღებას მიაქცევს, იქნება „ყველაზე კარგი დედა“ და ეყოლება „ყველაზე კარგი შვილი“ (სხვათა შორის, საკმაოდ ხშირად, ასეთ მშობლებს ერთი შვილი ჰყავთ, ერთადერთი და განუმეორებელი). ამით თავისი წარსულის კომპენსაციას მოახდენს და თავის მშობლებსაც დაუმტკიცებს, როგორია „ნამდვილი მშობლობა“. ამ დანაპირებს ნამდვილად ასრულებენ ასეთი „მზრუნველი“ მშობლები, თუმცა კომპენსაციის მექანიზმი ხშირად იმას მოიაზრებს, რომ მოქმედების განხორციელებისას ვერ ვიცავ ბალანსს და ზედმეტი მომდის. ამიტომაც ვიღებთ გარიყულობისა და მიტოვებულობის ერთი პოლუსიდან მეორე - ჰიპერმზრუნველობის პოლუსს.

P.S. ჰიპერმზრუნველობა არ არის კავშირში ინტელექტთან და განათლების დონესთან. უმაღლესი განათლება და მაღალი IQ საერთოდ არ არის იმის გარანტი, რომ მსგავსი ქცევითი პატერნები არ ექნება მშობელს გამოხატული, რადგან ეს ნათლად ფსიქოლოგიური პრობლემაა, ადამიანისთვის გაუცნობიერებელი შიდაპიროვნული კონფლიქტია და არა კოგნიტურ-ინტელექტუალური სირთულე.  

ნუ იქნები ჰიპერმზრუნველი მშობელი! იოლი სათქმელია, შესრულება კი საკმაოდ რთული. ასეთი მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ ან უარყოფენ საკუთარ ქმედებებს, „მათ ხომ თავი შესწირეს შვილებს“, ამ ფრაზით იწვევენ შვილებში დანაშაულის განცდას და მანიპულირებენ, ასევე იღებენ საზოგადოებისგან ბონუსებს, ისინი ხომ ცამდე მართლები არიან ღვთისა და ერის წინაშე! მათი ვარიაბელური განწყობებიდან გამომდინარე, ზოგი მშობელი პერიოდულად აცნობიერებს და აღიარებს საკუთარ „დანაშაულს“, მაგრამ თავს ვერ ერევა ან მათი აღიარება დროებითი ხასიათისაა. სამწუხაროდ, დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, თუმცა მაინც, ყველაფერი შეიცვლება, თუ მოხდება ისე, რომ ასეთი მშობელი დაიწყებს მუშაობას საკუთარ თავზე, გაივლის ფსიქოთერაპიის კურსს. რეალური სურათი უფრო ამგვარი ხასიათისაა: ჰიპერმზრუნველ მშობლებს წინააღმდეგობა აქვთ ფსიქოთერაპიის მიმართ, მათი შვილები კი უფრო ეფექტურად მუშაობენ საკუთარ თავზე და ფსიქოთერაპიის წყალობით თავს აღწევენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.   



თამარ მერაბიშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc, PhD, ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ დირექტორი

 
 
 

Comments


bottom of page