ბავშვთა შიშები და მათთან მუშაობა
ბავშვებს საკმაოდ მრავალფეროვანი და ძლიერი შიშები აქვთ, თუმცა ხშირად მშობლებისა და აღმზრდელებისათვის ეს ნაკლებად ცნობილია, რადგანაც ისინი ამ უკანასკნელთ არ ენდობიან. პირიქით, ბავშვები თავიანთ შიშებს მალავენ კიდეც, რადგანაც ზრდასრულების რეაქცია მათ მოლოდინებში და რეალობაშიც არასასურველი და არაჯანსაღია ხოლმე. ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებული შემდეგი შიშებია: სიბნელის, მარტო დარჩენის, ჩაძინების, ცუდი სიზმრების, ექიმების, ცხოველების და სხვა.
გარკვეული შიშები ასაკობრივად იჩენს თავს და მალევე ქრება კიდეც, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ შიში დროთა განმავლობაში მატულობს და ბავშვისთვის შემაწუხებელი, ხელისშემშლელი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თანამედროვე ჰოლანდიელი ფსიქოლოგი და მკვლევარი პიტერ მურისი გვთავაზობს ასაკობრივი ფაქტორის მიხედვით შიშების კლასიფიკაციას (Warren & Sroufe (2004), Ollendick & March (2004) ავტორებზე დაყრდნობით), რომელთა გამოვლენა სრულიად ნორმალურია ბავშვის ასაკობრივი განვითარების პარალელურად. ეს შიშებია:
0-6 თვე - ხმაურის და საყრდენის/წონასწორობის დაკარგვის შიში.
6-18 თვე - უცხო ადამიანებისა და სეპარაციის შიში.
2-3 წელი - ცხოველებისა და წარმოსახვითი არსებების/მონსტრების შიში.
3-6 წელი - სიბნელის, შტორმის/ჭექა-ქუხილის, მშობლის/მზრუნველის დაკარგვის შიში.
6-10 წელი - სკოლის, ფიზიკური საფრთხეების შიში.
10-12 წელი - სოციალური მღელვარება (მეგობრობა).
13-18 წელი - სოციალური შფოთვა, პანიკა (იდენტობის ფორმირება, სექსუალური ურთიერთობები, სხეულებრივი ცვლილებები).
ის, რაც პირველ რიგში უნდა გამოვრიცხოთ, არის ბავშვის განზრახ შეშინება და გაჯეტებთან უკონტროლო კონტაქტი. დაუშვებელია ბავშვის თუნდაც ხუმრობით შეშინება, მითუმეტეს ცუდი საქციელის ჩაქრობის მიზნით. ბავშვის ფსიქიკა ყველაზე დაუცველი რამაა. ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მას საერთოდ ავაცილოთ თავიდან ტრავმების მიღება, თუმცაღა შეგვიძლია ვიმუშაოთ ტრავმული გამოცდილებების განეიტრალებაზე. რაც შეეხება გაჯეტებთან ურთიერთობას, დღევანდელ რეალობაში ბავშვები ყველაზე ნაკლებად არიან დაცული ეკრანთან ურთიერთობისას. ჩვენ არ ვიცით, რა შინაარსის შემცველი კადრები შეხვდებათ მათ უკონტროლოდ მიშვების შემთხვევაში, რაც ხშირად შიშების ფორმირების მიზეზი ხდება ხოლმე. ამიტომ უმჯობესია გაჯეტებთან კონტაქტი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და მხოლოდ ჩვენი, ზრდასრულების ზედამხედველობის ქვეშ გამოიყენებოდეს.

როგორ მოვიქცეთ, თუკი ბავშვს უკვე აქვს კონკრეტული შიში? პირველ რიგში, ბავშვს სჭირდება მშობლის მხრიდან სიყვარულისა და ყურადღების გაძლიერება, განცდა, რომ მისი მშობლები მის გვერდით არიან და დაეხმარებიან. ამას უნდა მოჰყვეს დიალოგი, საუბარი იმაზე, თუ რამ შეაშინა ბავშვი. ამ ყველაფრის განხილვა აუცილებლად წახალისებული უნდა იყოს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას ყველაფერზე შეუძლია თავისუფლად საუბარი, კითხვის დასმა და პასუხის მიღება. ჩვენი საბოლოო მიზანია, ბავშვმა შეძლოს თავისუფალი რეფლექსია. მაგალითად, როცა ბავშვს ეშინია სიბნელის, ძირითადად ის წარმოიდგენს, რომ სიბნელეში ცხოვრობს რაიმე საშინელი არსება, რომელიც მას რაღაცას დაუშავებს, მარტო ყოფნისას ის თავს ვერ დაიცავს. ბავშვის ფიქრები და მათი წარმოდგენები მას უჩენს შიშს. ეს შიში უფრო მეტად ძლიერდება, თუკი ბავშვი ვერ საუბრობს მასზე მშობლებთან. ზრდასრულები ხშირ შემთხვევაში ბავშვებს შიშის განეიტრალების მიზნით პასუხობენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: “რა სისულელეა, მონსტრები არ არსებობენ”, “შენს ოთახში მონსტრს რა უნდა, ეგ მხოლოდ ტელევიზორშია” და მრავალი სხვა. ბავშვთან საუბარში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მან პრობლემის გადაჭრის გზა თავად მოძებნოს ჩვენი თანადგომითა და მხარდაჭერით, შეკითხვებითა და მათზე პასუხის გაცემით. თავიდან აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა წარმოუდგენია ბავშვს სიბნელეში, რა ხდება იქ, რა არის მისთვის ყველაზე მეტად შემაშინებელი, როგორ გამოიყურება არსება, რომელიც სიბნელეში ჩნდება, რას აკეთებს ის, რა ჰგონია, რას გააკეთებს და ა.შ. დეტალურმა აღწერამ შესაძლოა თავიდან შიშის გაძლიერება გამოიწვიოს, სადაც მშობლის ჩართულობა და მსუბუქი იუმორით მისი განეიტრალება შეუცვლელია. ამასობაში, ბავშვი ნელ-ნელა დამშვიდდება და უკვე შეძლებს პრობლემის მოგვარების გზებზე ფიქრის დაწყებას. ვკითხოთ მას, რისი გაკეთება შეიძლება ასეთ მომენტში, რისი გაკეთება სურს მას თავად, რას იზამდა, როგორ გაუმკლავდებოდა სიბნელეში არსებულ საშიშროებას. ბავშვი ნელ-ნელა დაიწყებს აგრესიის გამოხატვასაც, მოიფიქრებს გზებს, თუ როგორ შეიძლება შეებრძოლოს და დაამარცხოს ის, რომ ამაში მშობლებიც ეხმარებიან და ა.შ. ნუ შეგვაშინებს მისი მსგავსი ფიქრები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი აგრესიულია და ეს სხვა სიტუაციებშიც გამოვლინდება. როგორც კი ბავშვი მიეჩვევა მის შიშებზე თავისუფლად საუბარს, თავისი ფიქრების თამამად გადმოცემას, მის საუბარში აუცილებლად გაჩნდება თანდათანობით მშვიდობიანი გადაჭრის გზებიც. ამ გზით, ბავშვებს ვაჩვევთ, წარმოიდგინონ საშიშროება და იფიქრონ მისი დაძლევის საშუალებებზე. გზადაგზა, ბავშვს შეგვიძლია შევთავაზოთ ცოტა ხნით ერთად დარჩენა სიბნელეში. მაგალითად, შევიდეთ ოთახში, ჩავაქროთ შუქი და ოდნავ დავტოვოთ კარი ღია, სადაც სინათლის წყარო მცირედ შემოვა. ნელ-ნელა გადავიდეთ კარის დახურვაზეც. ამ დროს შეიძლება ჩავკიდოთ ან მოვხვიოთ ხელი ბავშვს, ჩავეხუტოთ, რომ მან თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოს მისთვის ისედაც დისკომფორტულ ვითარებაში. სიბნელეში ყოფნას აუცილებლად მოჰყვება საუბარი, რის დროსაც შეგვიძლია ბავშვთან ერთად განვიხილოთ, შესაძლებელია თუ არა საერთოდ სიბნელეში გაჩნდეს ის, რაც სინათლეში არ იყო. დროთა განმავლობაში ბავშვი მიხვდება, რომ საშიშროება არ არის ობიექტური.
ბავშვებს ამ და სხვა საკითხებზე მუშაობა ბევრად უადვილდებათ, ვიდრე ზრდასრულებს, რადგანაც მათი ფანტაზია უფრო მრავალფეროვანია, პათოლოგიური განწყობები კი არც ისეთი განმტკიცებული, როგორიც ზრდასრულების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ პრობლემაზე მუშაობას მისი გაჩენისთანავე ბევრად სწრაფად და მარტივად მივყავართ სასურველ შედეგამდე. ამ პროცესში სწორედ ბავშვის სიყვარული და მიმღებლობა, მშობლის მზრუნველობა, მოთმინება და თავისუფალი საუბრებია ბავშვის რეფლექსიის პროცესის და ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბების გარანტი.

მარიამ ხმალაძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc., ფსიქოარსის გუნდის წევრი




Comments