ინტროვერსია vs. ექსტროვერსია - პარამეტრები და ფსიქოპათოლოგია
გ. ოლპორტი სამართლიანად განმარტავს, რომ ტემპერამენტი წარმოადგენს პირველად მასალას, ინტელექტთან და ფიზიკურ კონსტიტუციასთან ერთად, რომლისგანაც აიგება პიროვნება. ვლ. ნორაკიძის აღწერით, ტემპერამენტი გამოხატავს ადამიანის ემოციური აგზნებადობის, შთაბეჭდილებიანობის, ემოციათა ინტენსივობის, სიღრმის, პიროვნების იმპულსურობის თავისებურებას. დ. უზნაძე აფართოებს აზრს, რომ ტემპერამენტი წარმოადგენს ემოციის დისპოზიციას, თუმცა ხშირად უფრო ფართო ცნებად გულისხმობენ: მასში ინდივიდის ყველა ფსიქიკური თვისების დისპოზიციას სჭვრეტენ.
ფსიქოთერაპიული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტროვერტები უფრო ხშირად მიდიან ფსიქოთერაპიაზე, ვიდრე ექსტრავერტები. ვითომ მათი ნევროტიზმის დონე ექსტრავერტებზე მაღალია? ეს ფაქტი შესაძლოა დამოკიდებული იყოს ტიპების მახასიათებლებზე. როდესაც საზოგადოებაში თვითმყოფადობა დაუფასებელია და „სწორ“ ადამიანობად მიჩნეულია ექსტროვერსია, ინტროვერტი ხშირად ისედაც დათრგუნულია თავისი არსებობით; ასევე როცა ადამიანმა არ იცის თვითფლობა, ფსიქორეგულაცია, ფსიქოჰიგიენა, რეფლექსია, ეს შეიძლება პრობლემა აღმოჩნდეს როგორც ინტროვერტისთვის, ასევე ექსტროვერტისთვის, თუმცა ექსტროვერტები თავიანთი ექსპრესიულობით, აქტიური კომუნიკაციით, როგორც ჩანს, მეტად ახერხებენ ემოციურ განმუხტვას და ყურადღების გადატანას, რასაც ვერ ვიტყვით ინტროვერტებზე. ეს უკანასკნელნი საკუთარ სამყაროზე ორიენტირებული, უფრო ჩაკეტილი ტიპები არიან, რომლებიც ვერ შეძლებენ ამ დოზით სხვა ადამიანებზე და გარემოზე ყურადღების გადატანას, ემოციების ექსპრესიას. ექსტროვერტებისთვის ჰეტეროაგრესიის და უფრო მაღალი თვითშეფასების, ხოლო ინტროვერტებისთვის უფრო ხშირად მეტად გამოხატული აუტოაგრესიის, სტატიკური განწყობის და უფრო დაბალი თვითშეფასების არსებობა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან წყაროს ქმნის, რომ ინტროვერტებისთვის ნევროტულობა უფრო შემაწუხებელია.
ხშირად ვხვდებით ხოლმე სოციალურ ქსელებში მიმებს, ფოტოებს, შეხედულებებს, სადაც ექსტროვერტები ჩვეულებრივ ადამიანებად ჩანან, ხოლო ინტროვერტები წარმოდგენილნი არიან, როგორც ნეგატიური, უჟმური, შეშინებული პირები, რომლებიც ტელეფონს არ პასუხობენ, მისი ზარი აშინებთ, პლედი აქვთ გადაფარებული ან საწოლის ქვეშ იმალებიან, თითქოს ყველგან საფრთხეა. მსგავსი შეხედულებები, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია. ინტროვერტი ჩვეულებრივი ადამიანია, კომუნიკაბელური, აქვს იუმორის გრძნობა, იცინის, ხუმრობს, ერთობა, თუმცა თუ ექსტროვერტს შევადარებთ, მისი სოციალიზაციის და ექსპრესიის კოეფიციენტი უფრო დაბალია. ხოლო ის მითი, რომ ინტროვერტი კუთხეში იმალება, ეს უფრო მეტად შეესაბამება მაღალი ნევროტიზმის მქონე ინტროვერტს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს კონკრეტული სიმპტომატიკა ან აშლილობა.

აღსანიშნავია, რომ დასაწყისში ჰ. აიზენკმა გამოყო ორი განზომილება: ინტროვერსია-ექსტრავერსია და ნევროტიზმი-სტაბილობა. ნევროტიზმი-სტაბილობის სკალა ადამიანის ემოციურ ფაქტორს უკავშირდება. ადამიანებს, რომლებსაც ნევროტიზმის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ძლიერი ემოციური რეაქციებით ხასიათდებიან საშუალო სიძლიერის ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მაშინ როცა უფრო სტაბილური პირები იგივე სახის მოვლენების მიმართ ემოციურად მეტ-ნაკლებად გულგრილები რჩებიან. ამ უკანასკნელთ, ძლიერი ემოციური რეაქცია ადეკვატურად, ძლიერ გამღიზიანებელზე აქვთ. ნევროტიზმის მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანს ხშირად ეცვლება გუნებ-განწყობა; გაუბედავი, ნერვიულია; მშფოთვარე, მოუსვენარია; ხშირად ღელავს, ვერ უძლებს დატვირთვას, აქვს სომატური ჩივილები და ა.შ. ემოციურად სტაბილური პიროვნება კი არის მშვიდი, თავშეკავებული, სტაბილური, ახასიათებს გაწონასწორებული მოქმედებები, გარემო სიტუაციის ადეკვატურია. ნევროტიზმი დაკავშირებულია სწრაფ აღგზნებადობასთან, ემოციურ არასტაბილურობასთან, სოციალურ დეზადაპტაციასთან, თვითკონტროლის ნაკლებობასთან, ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავების დაბალ შესაძლებლობასთან, ჩივილისა და უკმაყოფილების ტენდენციასთან. ადამიანები, დაბალი ნევროტიზმის დონით, გამოირჩევიან ემოციური სტაბილურობითა და ნაკლები რეაქტიულობით სტრესის მიმართ. მათთვის ტენდენციურია სიმშვიდე, ნეგატიური ემოციების დაბალი ინტენსივობა, თუმცა არაა აუცილებელი გამოხატული ჰქონდეთ პოზიტიური ემოციების მაღალი ინტენსივობა. ეს უკანასკნელი ექსტრავერტებისთვისაა დამახასიათებელი, ისინი უფრო დადებითი ემოციებისკენ და ამ ემოციების უფრო მაღალი ინტენსივობისკენ არიან მიდრეკილნი, ხოლო ინტროვერტები - არა. ინტროვერტები ძლიერი ინტენსივობის დადებით ემოციებს არ გამოხატავენ, თუმცა სტაბილური ინტროვერტი გაწონასწორებული და დინჯია და მასთან ორივე პოლარობის ემოცია საშუალო ინტენსივობით შესაძლოა ვლინდებოდეს.
ჰ. აიზენკის მიხედვით, ნევროტიზმის სკალაზე მაღალი ქულა არ ნიშნავს, რომ საქმე აუცილებლად ნევროზთან გვაქვს, თუმცა ნევროტიზმის სკალაზე მაღალი ქულების მქონე ადამიანები უფრო მოწყვლადები არიან სტრესულ სიტუაციაში ნევროზით დაავადების მიმართ, ვიდრე პირიქით. აღსანიშნავია, რომ ნევროტიზმის მაღალი დონე ფართო სპექტრის აშლილობებსა თუ ნევროტულ სიმპტომატიკაში შესაძლებელია გამოვლინდეს, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ პრობლემა უკვე არსებობს და თუ რა ფორმით გამოვლინდება ის, ეს უკვე სუბიექტურია, დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ასევე ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ-კულტურულ ფაქტორებზე.
ლიტერატურაში ვხვდებით ხოლმე გარკვეულ თეორიულ თუ ექსპერიმენტულ მონაცემებს, რომელთა მიხედვით ინტროვერტები ნევროტულ ტიპებად ითვლებიან, ხოლო ექსტრავერტებისთვის კი დაბალი ნევროტიზმია დამახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევის მიხედვით, ექსტრავერტებსა და ინტროვერტებს შორის ნევროტიზმის თვალსაზრისით სტატისტიკური განსხვავება არაა. ჩვენს თეორიულ თუ ექსპერიმენტულ მოსაზრებას ტიპების თვითმყოფადობის შესახებ ამყარებს თავად აიზენკის ფაქტორულ-ანალიზური ტექნიკა, რომელიც მოიაზრებს ტიპების დამოუკიდებლობას, ანუ ნევროტიზმის ღერძი ექსტრავერსიის ღერძისადმი მართი კუთხითაა განლაგებული, ე.ი. მათ შორის კორელაცია ნულის ტოლია, ისინი არ არის ერთმანეთზე სტატისტიკურად დამოკიდებული. ამის მიხედვით, შესაძლებელია ადამიანები დავყოთ პირობითად 4 ჯგუფად. სხვადასხვა ადამიანს, შესაძლოა, ერთნაირი მაჩვენებელი ჰქონდეთ N (ნევროტიზმი) სკალაზე, მაგრამ სრულიად განსხვავებული სიმპტომებით ხასიათდებოდნენ იმის მიხედვით, თუ რა მაჩვენებელი აქვთ ექსტრავერსია-ინტროვერსიის სკალაზე.
ერთდროულად სტაბილური და ინტროვერტი ადამიანი მიდრეკილია ნორმებისა და წესების დაცვისკენ, არის შედარებით ნელი, დინჯი, ნაკლებ ექსპრესიული, შინაგან სამყაროზე მეტად ორიენტირებული, გამოირჩევა დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღების კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებლით, არის მზრუნველი და ყურადღებიანი. ნევროტიზმისა და ინტროვერსიის კომბინაცია ადამიანში ავლენს შფოთვას, პესიმიზმსა და ჩაკეტილობას. მაღალი ნევროტიზმის მქონე ინტროვერტებისთვის უფრო მეტად არსებობს შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, დეპრესიის და ფობიების განვითარების მაღალი რისკი. ასევე ისეთი პიროვნული აშლილობები, როგორიცაა: შიზოიდური, შიზოტიპური და ამრიდებელი (Avoidant) პიროვნული აშლილობები.
აღსანიშნავია, რომ ინტროვერტს ექსტრავერტთან შედარებით მაღალი მგრძნობელობა აქვს დასჯის შიშის მიმართ. ინტროვერტი უფრო მეტად ცდილობს მიიღოს ნაკლები შენიშვნა, არ იყოს ფრუსტრირებული და დასჯილი. რამდენადაც ინტროვერტს უფრო მაღალი ქერქული აღგზნება აქვს, ის გარემოდან გამღიზიანებლებს უფრო სწრაფად და ინტენსიურად გადაამუშავებს. ის უფრო სწრაფად სწავლობს და შეიმუშავებს პირობით რეაქციებს, ვიდრე ექსტრავერტი. სანამ ექსტრავერტები შიშის გამომწვევი სიტუაციის აღქმას მოასწრებენ, ინტროვერტებს ეს სიტუაცია უკვე აღქმულიც და მათზე რეაქციაც მზად აქვთ. რამდენადაც ინტროვერტს დასჯის შიში აქვს, ის საზოგადოებრივ ნორმებსაც ადვილად შეიმუშავებს და ნაკლებად არღვევს. მაგალითად, ინტროვერტი უფრო ადვილად და სწრაფად სწავლობს, რომ შუქნიშნის წითელ ფერზე არ უნდა გადავიდეს, ვიდრე ექსტრავერტი.
ექსტრავერსიისა და სტაბილურობის გაერთიანებას მივყავართ მზრუნველობასა და კომუნიკაბელურობასთან, ისინი არიან უფრო სხარტი, სწრაფი, ხმამაღალი, მეტად პოზიტიური, გამოირჩევიან მაღალი ემოციური ექსპრესიით. ხოლო ექსტრავერტები მაღალი ნევროტიზმით იქნებიან აგრესიულები, იმპულსურები და ადვილად აგზნებადები. მაღალი დონის ექსტრავერსიისა და ნევროტიზმის მქონე ადამიანები ანტისოციალური ქმედებების, კრიმინალური მიდრეკილებების, ისტერიის, ნარცისული აშლილობის რისკის ქვეშ არიან.
სხვათა შორის, იუნგი ისტერიას და შიზოფრენიას განიხილავდა პოლარულ დაავადებებად. ისტერიული ადამიანი ინტენსიურად ძლიერ ემოციებს გამოხატავს, შიზოფრენიით დაავადებული კი ინდიფერენტულია გარემოს მიმართ. პირველ შემთხვევაში გამოხატულია გადაჭარბებული ემოციურობა, ხოლო მეორე შემთხვევაში - აპათია. იუნგი ამბობს, რომ ლიბიდოს მოძრაობის ამ ორ მიმართულებას შეგვიძლია ვუწოდოთ ექსტრავერსია და ინტროვერსია.
კვლევები ადასტურებს, რომ ექსტრავერტები სქესობრივ ცხოვრებას იწყებენ უფრო ადრეულ ასაკში, უფრო ხშირად კავდებიან სექსით და ხშირად იცვლიან პარტნიორებს, ვიდრე ინტროვერტები. ინტროვერტები უფრო ხშირად მიმართავენ მასტურბაციას, ვიდრე ექსტროვერტები. ოჯახურ ურთიერთობებშიც ინტროვერტები უფრო თბილები არიან პარტნიორის მიმართ და მეტად ენდობიან მათ, ვიდრე ექსტრავერტები. ასევე თავადაც მეტად იმსახურებენ ადამიანთა ნდობას. აღმოჩნდა, რომ ექსტრავერტებს საშუალოზე მეტი შვილი ჰყავთ; მათთან ინფექციური დაავადებების მეტი რისკია; ასევე, ისინი უფრო ხშირად ერთვებიან კონფლიქტებში და იღებენ ძლიერ დაზიანებებს, ჭრილობებს. ოჯახის დანგრევის და ღალატის ალბათობა ინტროვერტებთან, ექსტრავერტებისგან განსხვავებით მცირეა, ინტროვერტები უფრო სანდო, ერთგული და გამგებიანი პარტნიორები და მეგობრები არიან.
როგორც აღვნიშნეთ, დასაწყისში ჰ. აიზენკმა გამოყო ორი განზომილება: ინტროვერსია-ექსტრავერსია და ნევროტიზმი-სტაბილობა. მოგვიანებით კი მესამე განზომილება - ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერეგო - დაუმატა. მისი აზრით, ფსიქოტიზმი არის გენეტიკური მიდრეკილება, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს ფსიქოზურ ან ფსიქოპათიურ პიროვნებად. აიზენკი ფსიქოტიზმს განიხილავდა როგორც პიროვნულ კონტინუუმს, რომელზეც შესაძლებელია ყველა ადამიანის მოთავსება და ის უფრო გამოხატულია კაცებში, ვიდრე ქალებში. აღნიშნული ფაქტი შესაძლებელია დავადასტუროთ ნორვეგიელი ფსიქოლოგის, დენ ოლვეულის და მისი კოლეგების 1980 წლის კლინიკური ექსპერიმენტით, სადაც ფსიქოტიზმის აგრესიულობის კომპონენტი დაკავშირებული აღმოჩნდა ბიოლოგიურად განსაზღვრულ ტესტოსტერონის მომატებულ დონესთან.
იმისთვის, რომ ადამიანი ეფექტურად ფუნქციონირებდეს საზოგადოებაში, მას უნდა ჰქონდეს ღირებულებათა სისტემა, ნორმები და ეთიკა, გონივრულად შესატყვისი იმასთან, რაც მიღებულია მის გარემოში. ყველაფერი ეს ყალიბდება სოციალიზაციის პროცესში, ფსიქოანალიზის სტრუქტურული მოდელის ენაზე - სუპერეგოს ფორმირებით.
სუპერეგო წარმოადგენს საზოგადოებრივი ნორმებისა და ქცევის სტანდარტების გაშინაგნებულ ვერსიას. ზ. ფროიდის მიხედვით, სუპერეგო არის რა პიროვნების მორალურ-ეთიკური ძალა, ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი სწავლობს „სწორისა“ და „არასწორის“ გარჩევას. რა არის „კარგი“ და რა „ცუდი“ (დაახლოებით 3-დან 5 წლამდე ასაკში). თავდაპირველად, სუპერეგო ეხმიანება მხოლოდ მშობლების მოლოდინებს იმაზე, თუ რა არის ცუდი ან კარგი ქცევა. თითოეული ქცევით ბავშვი სწავლობს, შეთანხმებულად მოიქცეს ამ ნორმებთან მიმართებაში, რათა თავიდან აიცილოს დასჯა და კონფლიქტი. შემდეგ, როცა ბავშვის სოციალური სამყარო იწყებს გაფართოებას (სკოლა, რელიგია და ა.შ.), სუპერეგოს სფეროც ფართოვდება იმ ქცევების მიმართ, რომლებსაც მისაღებად თვლიან ეს ჯგუფები. სუპერეგო შეიძლება განვიხილოთ, როგორც სოციუმის „კოლექტიური სინდისის“ ინდივიდუალიზებული გამოხატულება.
ფროიდმა გაყო სუპერეგო ორ ქვესისტემად: სინდისი და ეგო-იდეალი. სინდისი შედგება მშობლების დასჯის გამოხატულებებიდან. ის დაკავშირებულია მშობლების ისეთ ნაბიჯებთან, რასაც მშობლები უწოდებენ „გაუგონარ ქცევებს“ და რის გამოც ბავშვი იღებს შენიშვნებს. სინდისი მოიაზრებს კრიტიკული თვითშეფასების შესაძლებლობას, დანაშაულის განცდას ბავშვში, როცა მან არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ან პირიქით. სუპერეგოს პოზიტიური დამაჯილდოებელი ასპექტია - ეგო-იდეალი. ის იქმნება იმისაგან, რასაც მშობლები აქებენ და მაღალ დონეზე აფასებენ, მას მიჰყავს ინდივიდი საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების დაწესებისკენ. თუ მიზანი მიღწეულია, ეს იწვევს თვითკმაყოფილებას და სიამაყის გრძნობას. მაგ., ბავშვი, რომელსაც აქებენ სკოლაში წარმატებების გამო, ყოველთვის იამაყებს თავისი აკადემიური მიღწევებით. სუპერეგო სრულად ჩამოყალიბებულად ითვლება, როცა მშობლის კონტროლი იცვლება თვითკონტროლით.
მოკლედ, სწორედ სუპერეგოს ძალით აქვს ადამიანს მორალი, ზნეობა, ეთიკა, სინდისი, დანაშაულის განცდა, ემპათია, თანაგრძნობა, სხვა ადამიანის გაგების, გათვალისწინების და გაზიარების უნარი. აიზენკის PEN მოდელის მიხედვით ძლიერი სუპერეგო კონტინიუმის ერთ მხარესაა, ხოლო ამ მახასიათებლების საწინააღმდეგო პოლუსზე დგას ფსიქოტიზმი.
ჰ. აიზენკმა აღმოაჩინა, რომ ფსიქოტიზმს გარკვეული რაოდენობის პიროვნული ნიშნების კომბინაცია გვაძლევს. მათ, ვისაც ფსიქოტიზმის სკალაზე მაღალი ქულა აქვთ, ხშირად ახასიათებთ აგრესიულობა, ეგოცენტრიზმი, უემოციობა, იმპულსურობა, ანტისოციალურობა, არაემპათიურობა, კრეატიულობა და შეუპოვრობა. სკალაზე მიღებული მაღალი ქულა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ფსიქოტურია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ასეთი მერე გახდეს. მათ უბრალოდ ის მახასიათებლები აქვთ, რაც ფსიქოტურ პაციენტებს აღენიშნებათ.

მაღალი ფსიქოტიზმის მქონე ინტროვერტები, როგორც წესი, ხასიათდებიან მკაცრი, ხისტი, დაუნდობელი აზროვნებით, არაკონფორმულობით, განმარტოებისადმი მიდრეკილებითა და ემოციური დისტანციურობით. მათ აქვთ ემპათიის ნაკლებობა, ავლენენ გულცივ, დისტანციურ ან გულგრილ დამოკიდებულებას სხვების გრძნობების, ადათ-წესებისა და აღიარების მიმართ. მათ შეიძლება ჰქონდეთ მწვავე, ცინიკური შეხედულება ადამიანებზე, რაც მათ მიდრეკილს ხდის კონფლიქტური ან უხეში ურთიერთობებისკენ, როდესაც იძულებულნი არიან სოციალიზაცია მოახდინონ. სტანდარტული ინტროვერტებისგან განსხვავებით, რომლებსაც სიამოვნებთ ღრმა კავშირები მცირე, სანდო წრესთან, ამ თვისების მქონე პირები ხშირად ავლენენ ინტროვერტულ ანჰედონიას - სოციალური კავშირებიდან ან ფიზიკური სიახლოვიდან სიამოვნების მიღების დაქვეითებულ უნარს.
ინტროვერტები მაღალი ფსიქოტიზმის დონით უფრო მეტად არიან ისეთი აშლილობების რისკის ქვეშ, როგორიცაა შიზოიდური და შიზოტიპური პიროვნული აშლილობა, ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, ფსიქოპათია, შიზოფრენია, ასევე მძიმე დეპრესია მელანქოლიითა და ანჰედონიით. რა თქმა უნდა, დეპრესია ნევროტიზმთანაა კავშირში, თუმცა მაღალი ფსიქოტიზმის მქონე ინტროვერტი მიდრეკილია დეპრესიის განსაკუთრებულად მწვავე, დისტანცირებული ფორმისკენ. ნევროტული დეპრესია ხასიათდება ძლიერი სევდით, ტირილის ეპიზოდებით, თვალსაჩინო ტანჯვით, დანაშაულის განცდით, ანჰედონიით, სასოწარკვეთილებით. ადამიანი თავს სიყვარულის უღირსად თვლის, თუმცა მაინც სურს ადამიანებთან კავშირი, რაც ხშირად ვლინდება სხვებისგან მუდმივი დასტურისა და მხარდაჭერის ძიებაში. ხოლო ფსიქოტიზმით განპირობებული დეპრესია დისტანცირებული და აგრესიულია. გამოხატულია ტირილისა და ტიპური სევდის არარსებობა. ვლინდება მძიმე ანჰედონიითა და სიცარიელის, გამოფიტულობის განცდით. ნუგეშის ძიების ნაცვლად, ადამიანი იკეტება მტრულ იზოლაციაში. უარყოფს დახმარებას, სხვებს ცინიკურად უყურებს, ხდება უკიდურესად უხეში და თავდაცვითი, თუ ურთიერთობას აიძულებენ.
მაღალი ფსიქოტიზმის მქონე ექსტრავერტები მკვეთრ კონტრასტს ქმნიან თავიანთ ინტროვერტ ანალოგებთან. მაშინ როდესაც ამ თვისების მქონე ინტროვერტები ცივ იზოლაციაში იკეტებიან, ექსტრავერტები თავიანთ მაღალ ფსიქოტიზმს პირდაპირ სოციალურ სამყაროში მიმართავენ.
ჰანს აიზენკის PEN მოდელში, ეს კომბინაცია აერთიანებს სოციალური სტიმულაციის მძლავრ მოთხოვნილებას, მაღალ ენერგიასა და მძაფრი შეგრძნებების ძიებას (ექსტრავერსია) ემოციურ დისტანციურობასთან, მტრობასთან, იმპულსურობასა და სოციალური ნორმების სრულ უგულებელყოფასთან (მაღალი ფსიქოტიზმი).
მაღალი ფსიქოტიზმის მქონე ექსტროვერტები სოციალურად თამამები, მოსაუბრე და თავდაჯერებულები არიან, თუმცა ამ უნარებს სოციალურ სიტუაციებში დომინირებისთვის იყენებენ. ვინაიდან მათ აკლიათ ემპათია, ისინი ხშირად სხვა ადამიანებს მხოლოდ პირადი სარგებლის ან გართობის, ექსპლუატაციის ინსტრუმენტად განიხილავენ. მათ აქვთ მღელვარების მიმართ ძალიან მაღალი ზღურბლი და მოწყენილობის მიმართ - დაბალი ტოლერანტობა. ისინი აქტიურად ეძებენ სარისკო, სახიფათო ან უკანონო აქტივობებს (აზარტული თამაშები, ექსტრემალური ოინები) და მოსწონთ სხვების ჩათრევა ამ სიტუაციებში. სტანდარტული ექსტრავერტებისგან განსხვავებით, რომლებსაც სურთ, რომ სხვებისთვის მოსაწონი ადამიანები იყვნენ, ეს პირები არ ზრუნავენ სოციალურ აღიარებაზე. ისინი უკიდურესად კონფლიქტურები არიან, უყვართ ქაოსის შექმნა და განზრახ პროვოცირებენ დაპირისპირებებს, მიდიან კონფრონტაციაზე ან არღვევენ ადამიანების საზღვრებს მხოლოდ მათი რეაქციის დასანახად, ინტერესის, სიამოვნებისა და დომინირებისთვის. როდესაც სურთ, მათ შეუძლიათ იყვნენ უაღრესად ქარიზმატულები, მახვილგონივრულები და სოციალურად დამარწმუნებლები. თუმცა, ეს მომხიბვლელობა ზედაპირულია და ხშირად ნიღბავს ცივ, ცინიკურ და მანიპულაციურ ბუნებას.
პროფესიულ გარემოში მაღალი ფსიქოტიზმის მქონე ექსტროვერტი ხშირად დაუნდობელი კონკურენტია. ასეთი შეიძლება იყოს ჰიპერაგრესიული გაყიდვების აგენტი, დაუნდობელი კორპორატიული ფიგურა ან პოლიტიკოსი. მათ აქვთ სოციალური ენერგია მაღალ იერარქიებზე ასასვლელად, მაგრამ არ გააჩნიათ მორალური სტანდარტი ან ემოციური საზღვრები, რათა იდარდონ იმაზე, თუ ვის აყენებენ ტკივილს წარმატების გზაზე. მათთვის მთავარია ძალაუფლება, დომინირება, ამიტომ ამ წარმატების მისაღწევად მათი ყველა აქტი გამართლებული, რაციონალიზებულია.
მაღალი ფსიქოტიზმის მქონე ექსტროვერტი შესაძლოა მიდრეკილი იყოს ისეთი აშლილობებისკენ, როგორიცაა ანტისოციალური პიროვნების აშლილობა / ფსიქოპათია, ექსტრავერსია განაპირობებს მათ მომხიბვლელობასა და სოციალურ სიმამაცეს, ხოლო ფსიქოტიზმი - მათ სისასტიკეს, სინანულის ნაკლებობასა და კრიმინალურ მიდრეკილებებს.
ნარცისული პიროვნული აშლილობა, ყურადღებისა და სტატუსის ექსტრავერტული მოთხოვნილება ერწყმის მაღალი ფსიქოტიზმის მტრულ, ცივ და შურისმაძიებელ ბუნებას.
ქცევითი აშლილობები ბავშვებსა და მოზარდებში, ამ პროფილის მქონე ბავშვები და მოზარდები ხშირად არიან უაღრესად აგრესიულები, ჩაგრავენ თანატოლებს, ღიად ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტებს და თავად იწყებენ ჩხუბს.
მაშასადამე, ტიპების შესახებ მსგავსი ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იქნას ფსიქოთერაპევტების თუ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტების მიერ, რადგან გვაძლევს მასალას ტიპების მიმართ მოლოდინების და შესაბამისი ინდივიდუალური მიდგომების შესახებ. კონკრეტული ფსიქოთერაპევტი შესაძლოა ერთი კონკრეტული მოდალობით მუშაობდეს, თუმცა ტიპების მახასიათებლების, მოლოდინებისა და რისკების შესახებ ინფორმაციის ფლობა, გვაძლევს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად მივუდგეთ პაციენტს, გავავლოთ ზღვარი კონკრეტული ადამიანის შესაბამისად ნორმასა და პათოლოგიას შორის და ნორმად მოვიაზროთ კონკრეტული ტიპისაგან ის, რაც მისთვისაა დამახასიათებელი და მისი ტემპერამენტის ბუნებრივ სვლას შეესაბამება, რადგან კონკრეტული სიმპტომატიკა შეიძლება ალაგდეს, კონკრეტული აშლილობისგან შესაძლოა გამოჯანმრთელდეს ადამიანი, თუმცა ინტროვერსია-ექსტროვერსიის ბაზისური მახასიათებლები არ იცვლება, ნორმაში ტიპოლოგია უცვლელია, ტემპერამენტს მკურნალობა არ სჭირდება, ის ბუნებრივი მოცემულობაა.

თამარ მერაბიშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc, PhD, ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ დირექტორი




Comments