ინტროვერსია vs. ექსტროვერსია - საქმიანობა, განათლება და პროფესია
კარლ იუნგი თავის წიგნში „ორი ესე ანალიტიკურ ფსიქოლოგიაზე“ აღწერს ექსტროვერტსა და ინტროვერტს: წამოვიდგინოთ ორი ახალგაზრდა, რომლებიც მოგზაურობისას ციხე-კოშკს მიადგნენ. ორივეს მოუნდა, მისი შიგნიდან დათვალიერება. ინტროვერტმა თქვა: მაინტერესებს, როგორია ეს ციხე შიგნიდან. ექსტროვერტმა უპასუხა: წამო, შევიდეთ და ჭიშკარს მიადგა. დაცვის, პოლიციელების, ჯარიმის და ავი ძაღლების წარმოდგენაზე, ინტროვერტმა უკან დაიხია: იქნებ, აქ შესვლა არ შეიძლება? ექსტროვერტმა კი წარმოიდგინა ციხე-კოშკის მფლობელი კეთილი მოხუცი და გადაწყვიტა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ექსტრავერტის ოპტიმიზმით გათამამებულნი, შევიდნენ კოშკში. გაირკვა, რომ იქ ძველი მანუსკრიპტების კოლექცია ინახებოდა. ინტროვერტი აღფრთოვანდა. ჯერ დაცვის თანამშრომელს უსვამდა უამრავ კითხვას მათ შესახებ, შემდეგ კურატორთან შეხვედრა მოითხოვა, რომ მისგან მეტი ინფორმაცია მიეღო. მისი სიმორცხვე გაქრა. ამასობაში ექსტროვერტი სულით ეცემა, სახე უგრძელდება და მთქნარებას იწყებს.
აღნიშნულ მაგალითში, იუნგი კარგად აღწერს ტიპების ბუნებას. სურვილისა და ინტერესის მიუხედავად, ინტროვერტი უფრო პესიმისტია, დასჯის შფოთვა აქვს და შესაძლოა, ცნობისმოყვარეობის მიუხედავად, უკან დაიხიოს. ექსტროვერტი კი ოპტიმისტი, რისკიანი და პირდაპირია. ინტროვერტი თუ რამით დაინტერესდა, მისი ინტერესი უფრო და უფრო იმატებს, თანდათან უფრო აღიგზნება, მეტად ეძიება, არკვევს, სიღრმეებში ჩადის. სიმორცხვე კი ქრება. ხოლო თავიდან ადვილად აგზნებული ექსტროვერტის ცნობისმოყვარეობა ეცემა, მას ადვილად ბეზრდება კონკრეტული მოვლენა და თავს ანებებს, უფრო ზერელედ და ზედაპირულად უდგება საქმეს.
ფსიქოანალიტიკოსი ინტროვერსიას მიიჩნევდა კულტურის განმანათლებლად და მქადაგებლად. თუმცა ის აღიარებდა, რომ თავშეკავებულობა და უმიზეზო სიმორცხვე ბუნებრივად ბადებს მათ მიმართ დაურწმუნებლობას.
ტიპების მახასიათებლებს უფრო კონკრეტულად ქვემოთ განვმარტავთ.

ექსტროვერტები, გარეთ, ობიექტური სამყაროსკენ მიმართული ტიპები არიან და ხასიათდებიან შემდეგი ნიშნებით: სწრაფი, სხარტი, ხმამაღალი, ექსპრესიული, მოუსვენარი, აგრესიული, იმპულსური, ოპტიმისტი, იოლად აგზნებადი და იოლად დამშვიდებადი, რისკიანი, აქტიური, გულღია, მხიარული, მოლაპარაკე, უზრუნველი, ლიდერობის მოყვარული და სხვა.
ექსტროვერტის საწინააღმდეგო პოლუსზე დგანან ინტროვერტები. ისინი შიგნით, საკუთარი სულიერი სამყაროსკენ მიმართული ტიპები არიან და ახასიათებთ ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიწყნარე, სიმშვიდე, სიდინჯე, პესიმიზმი, თავშეკავებულობა, პასიურობა, გულჩათხრობილობა, მოწყენილობა, სიტყვაძვირობა და ა.შ. ამ ტიპის ადამიანები უფრო ჩრდილში ყოფნას არჩევენ, ვიდრე თავის გამოჩენას. ეს იმითაა გამოწვეული, რომ აქვთ შესაძლო წარუმატებლობის შიში და ამიტომ აქტიურ მოქმედებას ლოდინს ამჯობინებენ. ისინი გამოირჩევიან უფრო მაღალი ინტელექტით და სწრაფად უკეთებენ ინტერიორიზაციას თავისი გარემოს მოთხოვნებს. რამდენადაც თანამედროვე ცხოვრება ადამიანებს წარმართავს მაღალი შედეგების მიღწევისაკენ, ამდენად ინტროვერტები გამოირჩევიან პრეტენზიის მაღალი დონით. ისინი ხშირად აღწევენ დიდ წარმატებებს მეცნიერების, ხელოვნების ასპარეზზე, მაგრამ დაბალ შეფასებას აძლევენ საკუთარ მიღწევებს.
თავის ტვინის ქერქის აგზნებადობის დონე ექსტროვერტებს უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ინტროვერტებს, ამიტომ ისინი აქტიურად იღებენ აღმგზნებ საქმიანობაში მონაწილეობას. მათ ესაჭიროებათ თავის ტვინის ქერქის გაზრდილი სტიმულაცია, ამიტომ სიამოვნებას იღებენ ექსტრიმით, რისკით. მაგ. პარაშუტით გადმოხტომისას, უყვართ მანქანის სწრაფი ტარება, აქტიური და ხმაურიანი წვეულებები, დროსტარება. ექსტროვერტებისთვის არ არის რთული გამოაცოცხლონ საზოგადოება. ისინი თვითდარწმუნებულები ჩანან, უფრო დომინანტურები არიან და სულ საჭიროებენ კომპანიას. ექსტროვერტები ფიქრობენ ხმამაღლა, უპირატესობას ანიჭებენ ლაპარაკს და არა მოსმენას, ხშირად ისეთ რეპლიკებსაც ისვრიან, რომელთა წარმოთქმასაც არ ჰქონდა აზრი. კონფლიქტებს უკეთ უმკლავდებიან, თუმცა მარტოობას - ვერა. სულ მუდამ სიხარულით ურთიერთობენ გარემოსთან, იცნობენ ახალ ადამიანებს, სრიალებენ თხილამურებზე ან ხტიან ენერგიულ მუსიკაზე. ექსტროვერტები უფრო მოთმინებით იტანენ ტკივილს, ვიდრე ინტროვერტები. ასევე, სწორედ თავის ტვინის ქერქის აგზნებადობის დაბალი დონის გამო, ექსტროვერტები სულ უფრო და უფრო ნაკლებად რეაგირებენ ერთი და იგივე გამღიზიანებელზე (იქნება ეს საქმიანობა თუ ადამიანებთან ურთიერთობა). ექსტროვერტებისთვის არ არის დამახასიათებელი მიკერძოება რომელიმე კონკრეტული სასაქონლო მარკის ან მწარმოებელი ფირმისადმი, მათი ინტერესები და გემოვნება ადვილად იცვლება. ამ მხრივ, ინტროვერტები უფრო სტაბილურები და კონსერვატორები არიან. სამსახურის შეცვლის, სიახლის ძიების ალბათობა ექსტროვერტთან შედარებით მეტია, ინტროვერტები უფრო მეტ ერთგულებას ამჟღავნებენ.
ინტროვერტები, რომელთა აგზნების ზღურბლი დაბადებიდანვე მაღალია, ავტომატურად თავს არიდებენ ისეთ სიტუაციებს, რომელთაც შეუძლია ძლიერი ზე-სტიმულირება გამოიწვიოს. მათ არ სიამოვნებთ და ამიტომ ცდილობენ არ ჩაერთონ მჩქეფარე სოციალურ მოვლენებში, არ უყვართ რისკიან საქმეებში მონაწილეობის მიღება და ა.შ. ინტროვერტებს ურჩევნიათ წყნარად დალიონ ღვინო ცალკე ან ახლო მეგობრებთან, წაიკითხონ წიგნი ან კროსვორდი შეავსონ. ინტროვერტები თავიანთ სოციალურ ენერგიას უპირატესად ხარჯავენ ახლობელ მეგობრებზე, კოლეგებსა და ნათესავებზე. უფრო უსმენენ, ვიდრე ლაპარაკობენ; ჯერ ფიქრობენ, ვიდრე პირს გააღებენ და ხშირად უკეთესად გამოთქვამენ საკუთარ აზრს წერილობით, ვიდრე ხმამაღლა. კონფლიქტები მათი სტიქია არ არის. ბევრ მათგანს არ უყვარს უაზრო საუბრები, ჭორაობა, თუმცა სიამოვნებით განიხილავენ ღრმა, საჭირბოროტო თემებს. ასევე, ინტროვერტებისათვის ნაკლებად არის დამახასიათებელი მობეზრება ან ინტერესის დაკარგვა და მათ შეუძლიათ დიდი ხნის მანძილზე აკეთონ ერთი საქმე და ურთიერთობა ჰქონდეთ ერთ ადამიანთან.
ინტროვერტები უპირატესობას ანიჭებენ თეორიულ და მეცნიერულ საქმიანობას (მაგ. ინჟინერია და ქიმია). მეტი წარმატება აქვთ ისეთ საქმეში, რომელიც დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციასთან, დაკვირვებასთან და ინტელექტუალურ მზაობასთან, მათთვის სტრატეგიული აზროვნებაა დამახასიათებელი. ექსტროვერტები კი ისეთ საქმიანობას ირჩევენ, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა ურთიერთობებთან (მაგ. ვაჭრობა, სოციალური მუშაობა). მათ ბევრად რისკიანი და სიახლეებით სავსე სამსახური ურჩევნიათ. ექსტროვერტები მეტ პაუზას აკეთებენ მუშაობის პროცესში, რათა ისაუბრონ და ყავა დალიონ, ვიდრე ინტროვერტები.
ექსტროვერტები სწრაფადვე იწყებენ დავალების (სამუშაოს) შესრულებას. ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, ყურადღებას ბევრ დავალებაზე ანაწილებენ. ინტროვერტები მუშაობენ ბევრად ნელა, თუმცა საფუძვლიანად. მათთვის უმჯობესია კონცენტრირება მოახდინონ ერთ დავალებაზე.
აგზნება ზრდის ექსტროვერტების ქმედებათა ეფექტურობას, როცა ინტროვერტებს აგზნება ხელს უშლით საქმიანობაში.
ინტროვერტებისთვის, ასევე, ტენდენციურია, გამოხატონ თავი შემოქმედებითი გზებით, როგორიცაა ხელოვნება, წერა და მუსიკა.
ინტროვერტები „დედლაინებს“ არ არღვევენ. მათ უყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და მომზადება. შესაბამისად, პროექტის დასრულების ან რაიმე დავალების შესრულების ვადებს ზუსტად იცავენ. ინტროვერტები დაუფიქრებლად არაფერს ამბობენ. ინტროვერტებს არაფრის მომცემი და ზედაპირული ლაპარაკი არ უყვართ.
სწავლისას ინტროვერტები მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ექსტროვერტები. ამასთან ფსიქიატრიული მიზეზებით სწავლას უფრო ხშირად თავს ანებებენ ინტროვერტები, აკადემიური მიზეზებით კი - ექსტროვერტები.
აღმოჩნდა, რომ ინტროვერტებიც ინტერესით არიან ჩართული სოციალურ მოვლენებში, თუმცა ექსტროვერტებისგან განსხვავებით არ ჭორაობენ. მათი სოციალური მომხიბვლელობა სწორედ იმაში ვლინდება, რომ ისინი კარგი მსმენელები არიან და ადამიანებს შეუძლიათ, ანდონ ინტროვერტებს თავიანთი საიდუმლოებები. ინტროვერტი მახასიათებლებით შეესაბამება კარგ ფსიქოთერაპევტს.
გარემოს აღქმას და მასზე ფიქრს, გადამუშავებას მივყავართ ხელოვნებისა და მეცნიერების უდიდესი ქმნილებების შექმნამდე, იმის ნაცვლად, რომ სწრაფადვე ქმედებაზე გადავიდეთ. ამაში იგულისხმება ზუსტად სტრატეგიული აზროვნება, რაც ინტროვერტებისათვის მეტადაა დამახასიათებელი. სიუზან კეინი გვითვლის იმ მნიშვნელოვან შედევრებს, რაც ინტროვერტების ხელითაა შექმნილი. „ვთქვათ, ევოლუციის თეორია, ვან გოგის „მზესუმზირები“ და პერსონალური კომპიუტერები შეიქმნა მშვიდი, ჩუმი, მოაზროვნე ადამიანებისგან, რომლებიც მიჰყვებიან თავიანთ შინაგან რიტმს. ინტროვერტების გარეშე სამყაროს არ ექნებოდა: ისააკ ნიუტონის „გრავიტაციის თეორია“, ალბერტ აინშტაინის „ფარდობითობის თეორია“, შოპენის მუსიკა, სტივენ სპილბერგის ფილმები, სერგეი ბრინის და ლარი პეიჯის „Google“, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“ და ა.შ.“ ინტროვერტები არიან ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ინტროვერტები იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე და ა.შ.
ტიპოლოგიური კვლევები და პარამეტრები მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იყოს სწავლების პროცესში, სადაც მასწავლებლებისა და ლექტორების მიერ გათვალისწინებული იქნება ექსტროვერტი და ინტროვერტი მოსწავლეებისა და სტუდენტების ინდივიდუალური თავისებურებები. იმედი გვაქვს, რომ მხოლოდ ექსტროვერტი მოსწავლეები აღარ იქნებიან მასწავლებლების ფავორიტი სტუდენტები, როგორც ს. კეინის ზემოთაღნიშნულ კვლევაში ჩანდა. როგორც ვიცით, ექსტროვერტებისთვის დამახასიათებელია სისწრაფე, სისხარტე, სიტუაციური აზროვნება, სწრაფი რეაგირება, ოპტიმიზმი, სოციალური თემატიკის მიმართ მეტად პოზიტიური დამოკიდებულება და მაღალი თვითშეფასება. მსგავსი მახასიათებლები შესაძლოა სასწავლო პროცესს უადვილებდეს პედაგოგებს, თუმცა ექსტროვერტების მაღალი თვითშეფასება შესაძლოა ყოველთვის არ გულისხმობდეს მოსწავლეთა მაღალი დონის ცოდნას. ისინი ხშირად აღწევენ მცირედს, მაგრამ ამ მიღწევას მაღალ შეფასებას აძლევენ. ასევე მათი სისწრაფე და სისხარტე ყოველთვის არ გულისხმობს ხოლმე სიზუსტეს კონცენტრაციის პროცესში. რაც შეეხება ინტროვერტებს, მათთვის დამახასიათებელია სიდინჯე, ხშირად სიმორცხვე, პესიმიზმი, სოციალური თემატიკის მიმართ შედარებით ნეგატიური დამოკიდებულება, თვითკრიტიკულობა, უფრო დაბალი თვითშეფასება. პედაგოგებისგან მათზე ხშირად გვსმენია: „როგორი ნელია და ჩუმი!.. სანამ ხმას ამოიღებს და პასუხს გაგვცემს!..“ თუმცა როცა ინტროვერტი ხმას ამოიღებს (თუ საშუალებას მისცემენ და წაახალისებენ), მისი პასუხი ხშირად შეიძლება იყოს ზუსტი, მკაფიო, სიღმისეული, სტრატეგიული. მაშასადამე, ორივე ტიპისთვის განსხვავებული თვისებებია დამახასიათებელი. ეს თავისებურებები გათვალისწინებას და ტიპების მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.
ტიპოლოგიური კვლევების შედეგები მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ დამსაქმებელმა კომპანიებმა ორგანიზაციული და პროფესიული შერჩევის საკითხების გადაწყვეტისას. ექსტროვერტების მაღალი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, ექსპრესიულობა, კონსტრუქციული ჰეტეროაგრესია, რისკიანობა, პოზიტიური სოციალური განწყობა შესაძლებელია ეფექტურად იქნას გამოყენებული ვაჭრობის სფეროში (შესყიდვები-გაყიდვები), მარკეტინგში, ბრენდის წარდგენა-პრეზენტაციის პროცესში, მასმედიასა და ტელე-რადიო კომუნიკაციაში, ა.შ. ხოლო ინტროვერტების კრიტიკულობა, პრეტენზიულობა, სიდინჯე, დეტალებზე ორიენტირებულობა, სიღრმისეული ძიება, სტრატეგიული აზროვნება შესაძლებელია ეფექტურად იქნას გამოყენებული მეცნიერების სხვადასხვა დარგში, კვლევა-ძიების სფეროში, IT ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში, ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში, ფსიქოლოგიაში (განსაკუთრებით სამეცნიერო-კვლევით სფეროში, ანალიზური მიმართულების ფსიქოთერაპიაში), ფილოსოფიაში, ა.შ. სხვათა შორის, იუნგი მიიჩნევდა, რომ სიღრმის ფსიქოლოგია (ანალიზური, ფსიქოდინამიკური) ინტროვერტულია, ხოლო ბიჰევიორიზმი - ექსტროვერტული.
მაშასადამე, ინტროვერტებისა და ექსტროვერტებისათვის თავისებური უნარ-შესაძლებლობები და თვისებებია დამახასიათებელი, ორივეს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. როგორც თავად აიზენკი განმარტავს: უფლება არ გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ექსტროვერტი ინტროვერტზე უკეთესია ან უარესი, უბრალოდ ისინი სრულიად განსხვავებული სტილის ადამიანები არიან, ყოველ მათგანს აქვს თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები. მნიშვნელოვანია სხვა რამ, ორივემ კარგად უნდა გააცნობიეროს საკუთარი თავისებურებები, გამოიყენოს უპირატესობები და იმუშაოს სისუსტეების დაძლევაზე. ამიტომ, საზოგადოებაში მხოლოდ ერთი ტიპის გაიდეალიზება და გაფეტიშება კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ ორივე მათგანის შესაძლებლობები და მახასიათებლები თავისი არსით უნდა იქნას მიღებული, გათავისებული და გამოყენებული. საზოგადოების ძლიერება სხვადასხვა ადამიანთა განსხვავებულ შესაძლებლობებშია. როგორც ა. აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“.

თამარ მერაბიშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc, PhD, ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ დირექტორი




Comments