top of page

ზრდასრულის კომუნიკაცია ბავშვთან, როგორც შიშების გაჩენის წყარო

Aug 3
3 min read

ბავშვობა ის სენსიტიური პერიოდია, როდესაც ყალიბდება ზოგადი ხედვა და რწმენა-წარმოდგენები საკუთარ თავზე, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსა და გარე სამყაროზე. ბავშვობის დროინდელი გამოცდილებები ზრდასრულობაშიც აგრძელებს არსებობას და ვლინდება ჩვენი ემოციებისა და ქცევების სახით. ანთროპოანალიზის მიხედვით, პათოლოგიური განწყობები ბავშვობის ყველაზე მოწყვლად პერიოდში - 6 წლამდე ასაკში ყალიბდება, მაშინ, როდესაც ბავშვს არ აქვს განვითარებული კრიტიკული ანალიზის უნარი. სწორედ, ამიტომაა უმნიშვნელოვანესი ბავშვობის წლები ადამიანის ჯანსაღი ფსიქიკის ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის, რაშიც უდიდეს როლს ასრულებს ზრდასრულების მხრიდან ბავშვებთან ჯანსაღი კომუნიკაცია.

მრავალი კვლევაა ჩატარებული, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის მშობლის მხრიდან გამოხატულ რეაქციას სხვადასხვა სტიმულზე გარკვეული დამოკიდებულების ფორმირებისათვის. განვიხილოთ ერთ-ერთი მეტაანალიზის შედეგები, რომელიც მომზადდა ნიდერლანდებში, 2024 წელსდა აერთიანებს 5 სხვადასხვა კვლევის ანალიზს. მკვლევარები დაინტერესდნენ მშობლების მხრიდან ვერბალური საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიზეზ-შედეგობრივი ეფექტით ბავშვების შიშის რეაქციაზე, ახალი სტიმულების მიმართ. მეტა-ანალიზურმა მიგნებებმა აჩვენა, რომ მშობლის ვერბალურმა საფრთხის შემცველმა ინფორმაციამ ახალი სტიმულების შესახებ, შესაძლოა გაზარდოს ბავშვის შიში — ამ სტიმულებთან ერთჯერადი კონტაქტის/ზემოქმედების შემდეგაც კი. კვლევაში შესწავლილი იქნა ასევე არავერბალური რეაქციებიც, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მშობლის მხრიდან ვერბალური რეაქციების ნეგატიური გავლენა მნიშვნელოვნად აღემატებოდა არავერბალურის შედეგებს. 

 

აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთიშეხედვით ისეთი უწყინარი ფრაზები,რომლებითაც მშობლები,პედაგოგები, აღმზრდელები ცდილობენ ბავშვის უსაფრთხოება და ქცევის მართვა უზრუნველყონ, შესაძლოა გახდეს უამრავი შიშის გაჩენის მიზეზი ბავშვებში.ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ფრაზები მრავალფეროვანია ხოლმე:

 

“ძაღლს ხელიარ მოკიდო, გიკბენს!”

“კიბეებზე უჩემოდ ნუ ჩადიხარ, დაგორდები!”

“დანა დადე,ხელს გაიჭრი!”

“არ გაოფლიანდე, თორემ ექიმთან წაგიყვან დანემსს გაგიკეთებს!”

“ქუჩაში ნუ დარბიხარ, მანქანა დაგეჯახება!”

“გაჩერდი ახლა,თორემ დაგტოვებ!”

“უცხო ადამიანებს არ გამოელაპარაკო, თორემ წაგიყვანს ვინმე!”

“რამეს მოიწევ და მევერ გიშველი!”

 

ეს და ბევრი სხვა ფრაზა თითქოს მხოლოდ გამაფრთხილებელი შეტყობინებების შემცველია, რომლითაც უამრავი ზრდასრული ცდილობს აარიდოს საფრთხე თავის შვილს, თუმცა მათი არასწორი ფორმულირება ბავშვებში ბლოკავს მოქმედების სურვილს და იწვევს არაჯანსაღ შიშს (მინდა + არ შეიძლება). სწორედ, ამას ვუწოდებთ ანთროპოანალიზში პათოლოგიური განწყობების ფორმირებას, რასაც მივყავართ უსაფრთხოების განცდის დაკარგვასა და ნდობის რღვევასთან. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც ხიბლავს ქუჩის ფუმფულა ცხოველი, ცდილობს დაუახლოვდეს მას,შეისწავლოს ის დაკვირვებით, შეხებით. საპასუხოდ ბავშვი იღებს ამკრძალავ შეტყობინებას მშობლისგან, რომ ძაღლი/კატა სახიფათოა და იკბინება. ამას ხშირად ახლავს შესაბამისი ფიზიკური მოძრაობებიც, როგორიცაა ბავშვის ხელით სწრაფი გამოწევა ცხოველისგან შორს, ემოციური გამოხატულებები მშობლის სახეზე, აღშფოთება. ბავშვი განვითარების საწყის ეტაპზე სამყაროს ფაქტიურად მშობლების აღქმებითა და დამოკიდებულებებით უყურებს, შესაბამისად, ამ კონკრეტულ სიტუაციაშიც, ის შეფასებას იწყებს მშობლის გადმოსახედიდან, მის მსგავსად: “დედას/მამას თუეშინია, ე.ი.მეც უნდამეშინოდეს.” შიშს კი ასეთი თვისება ახასიათებს - ის შეიძლება გენერალიზდეს ანუ განზოგადდეს სხვამსგავს ობიექტებსა თუ სიტუაციებზეც. შედეგად. შესაძლოა ბავშვს გაუჩნდეს შიში არამხოლოდ ძაღლების მიმართ, არამედ ბევრი სხვა ან ყველა ბეწვიანი ცხოველის მიმართაც კი. შიში შესაძლოა ჩამოყალიბდეს იმ დამატებითი სტიმულების მიმართაც, რომლებიც თან ახლდა მოცემულ სიტუაციას.

მაშ,როგორ ვესაუბროთ ბავშვებს მსგავს საფრთხის შემცველ სიტუაციებში ისე,რომ მათ არ ჩამოვუყალიბოთ შიშები?

განვიხილოთ ისევ ქუჩაში ძაღლებთან ურთიერთობის მაგალითი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მშობელმა თავად იმუშაოს საკუთარ შიშზე ძაღლების მიმართ, რადგან ხშირ შემთხვევაში მშობლის შიშები პირდაპირ გადადის ბავშვებზე. რაც შეეხება უშუალოდ ბავშვთან საუბარს, შესაძლოა ამ თემაზე ზოგადად ვისაუბროთ წინასწარ ან თამაშების ფარგლებში. მოვუყვეთ ბავშვს, როგორი გონიერი არსებები არიან ძაღლები, როგორ სწავლობენ ისინი სხვადასხვა დავალებების შესრულებას, როგორ ეხმარებიან ადამიანებს და ა.შ.საუბრისას მარტივად ავუხსნათ ბავშვს, რომ ძაღლებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთოების ზომებიც, რათა არ გავაბრაზოთ, არ შევაშინოთ ძაღლი. მნიშვნელოვანია ავუხსნათ, რომ ძაღლთან პირდაპირ მისვლა და მოფერება გონივრული არ არის. აუცილებელია ცხოველის საზღვრების დაცვაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავს დაიცავს და შეიძლება დაგვიყეფოს, გამოგვეკიდოს ან გვიკბინოს კიდეც. შესაძლოა, ბავშვს საშუალება მივცეთ იურთიერთოს იმ ძაღლებთან, რომლებიც ვიცით, რომ მეგობრულები არიან და საშიშროებას არ წარმოადგენენ. შეგვიძლია, ჩვენს შვილს ვასწავლოთ ცხოველებზე ზრუნვა, მათი საკვებით გამასპინძლება. ასე ეტაპობრივად ბავშვი აუცილებლად ისწავლის ცხოველების სიყვარულს და არა შიშს, უსაფრთხოების წესების დაცვას და მათთან სწორ მოქცევას. აღსანიშნავია ისიც,რომ ბავშვები ცხოველებთან ურთიერთობით ბევრ ისეთ მნიშვნელოვან თვისებას, უნარსა და სარგებელს იღებენ, როგორიცაა ზრუნვა, მეგობრობა, თამაში, პოზიტიური ემოციები, ემპათიის უნარი, ძლიერი იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

ბავშვებისათვის გაუგებარია ახსნის გარეშე მიწოდებული აკრძალვები და შეზღუდვები. აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია უნდა იყოს აუცილებლად მარტივად გასაგები მათთვის. მსგავსი მიდგომით, ბავშვებს აუცილებლად დავიცავთ უსარგებლო და ხელისშემშლელი შიშების ჩამოყალიბებისგან ნებისმიერ სიტუაციაში - იქნება ეს ყოველდღიური საფრთხეები (მაგალითად ქუჩაში გზაზე გადასვლა, დანის გამოყენება, კიბეებზე ასვლა-ჩასვლა) თუ ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მომენტები. ამით მათი მხრიდან უფრო მეტ ნდობასაც დავიმსახურებთ და ბევრად ახლოურთიერთობასაც ჩამოვაყალიბებთ.

მარიამ ხმალაძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc., ფსიქოარსის გუნდის წევრი

 
 
 

Comments


bottom of page