როგორ ავირიდოთ თავიდან დენტოფობია და მოვამზადოთ ბავშვი სტომატოლოგთან პირველი ვიზიტისათვის
ყველა მშობელი დგება რაღაც მომენტში იმ მოცემულობის წინაშე, რომ ბავშვი პირველად უნდა წაიყვანოს სტომატოლოგთან. პირველი ვიზიტი კი, საკმაოდ ხშირად, გარდაიქმნება ბავშვისთვის სტრესულ გამოცდილებად. ბავშვს ეშინია, ნერვიულობს, უცხო გარემო დამატებით მოქმედებს მასზე, ტირის, არც ექიმს აკეთებინებს თავის საქმეს, მშობელი ცალკე განიცდის ამას და ბრაზობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროცესი მთელი ოჯახისთვის სტრესული ხდება.

ჩნდება კითხვა, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ექიმთან ვიზიტები ბავშვისა და მშობლებისთვის ნაკლებად ემოციური და სტრესული იყოს? მოდი, განვიხილოთ, რა შეიძლება გაითვალისწინოს მშობელმა ექიმთან პირველი ვიზიტის დაგეგმვისას.
პირველი და უმთავრესი გასათვალისწინებელი ფაქტორი შემდეგია: ჩავნიშნოთ სტომატოლოგთან ვიზიტი მანამდე, სანამ რაიმე პრობლემა იჩენს თავს. ასეთ შემთხვევაში პირველი სტუმრობა ამ უცხო გარემოში ბავშვისთვის იქნება შემეცნებითი, გაცნობითი. სხვა დროს, მას უკვე გაუადვილდება სიახლეებთან ადაპტირება ამ გარემოში.
როლური თამაშები ყოველთვის შეუცვლელი რამაა მსგავსი სიახლეების შემოსატანად ბავშვის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, თამაშებში ზრდასრულებიც ჩართულები ვიყოთ. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, ბავშვს შევთავაზოთ საექიმო ნაკრები, რომელშიც იქნება სტომატოლოგის სამუშაო იარაღები, კბილები, ჯაგრისი, დასათვალიერებელი სარკე, ნემსი და ა.შ. თამაშისას, რიგრიგობით შეგვიძლია მოვირგოთ ექიმისა და პაციენტის როლი. გავაჟღეროთ ისეთი კითხვები და ინფორმაცია, რაც ბავშვს გამოადგება შემდეგ სტომატოლოგთან კომუნიკაციაში. პაციენტის როლში ყოფნისას თავისუფლად შეგვიძლია გავაჟღეროთ, რას ვგრძნობთ, დავსვათ კითხვები სხვადასხვა ინსტრუმენტზე, ვკითხოთ ექიმს რას აკეთებს, შემდეგ რას გააკეთებს, გვეტკინება თუ არა და ა.შ. ბოლოს, ბედნიერმა და კმაყოფილმა, მადლობა ვუთხრათ ექიმს მზრუნველობისა და დახმარებისათვის. ექიმის როლში ყოფნისას შეგვიძლია ბავშვს ავუხსნათ, რატომაა მნიშვნელოვანი კბილების მოვლა, რომელი ინსტრუმენტი რისთვის არსებობს, რომელი როგორ მუშაობს. შიგადაშიგ ვკითხოთ პაციენტის როლში მყოფ ბავშვს თავს როგორ გრძნობს, ხომ არ ღელავს?

სტომატოლოგთან ვიზიტისას ხშირად უსიამოვნო შეგრძნებებსა და ტკივილს გვერდს ვერ ავუვლით. სწორედ ამიტომ, სავარაუდო მოსალოდნელი ტკივილის დონის უკეთ აღსაქმელად ძალიან კარგად მუშაობს ბავშვებთან თამაშისას ჩხირების გამოყენება. ბავშვს შეგვიძლია შევთავაზოთ, აიღოს ჩხირი და ნელი ზეწოლით მიიდოს კანზე, ვითომ ნემსს იკეთებს. იჩხვლიტოს, თან ისაუბროს, რამდენად მტკივნეულია ეს. ნელ-ნელა შეიძლება ზეწოლა ოდნავ გააძლიეროს და მოსინჯოს, რამდენს გაუძლებს. ხშირად ბავშვები იმაზე მეტ ტკივილს იტანენ ასე საკუთარი ხელით ჩხირის გამოყენებისას, ვიდრე მათ სტომატოლოგის კაბინეტში ელოდებათ ხოლმე. ამას მოვაყოლოთ საუბრები, რომ ამას თუ ვუძლებთ, ე.ი. სტომატოლოგთანაც ჩვეულებრივად გავუძლებთ ნემსით გამოწვეულ ტკივილს, რადგანაც იქ მეტად არ გვეტკინება. ვეცადოთ, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარით ვეთამაშოთ ბავშვს, დავამატოთ მსუბუქი იუმორიც, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შევაშინოთ ბავშვი, თუნდაც ხუმრობით. თამაშით ბავშვის ფსიქიკა ძალიან კარგად ეჩვევა შესაძლო მოსალოდნელ სიტუაციებს, რაც უადვილებს რეალობაში მსგავს სიტუაციებთან ადაპტირებას.
აქვე, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ კარგი სპეციალისტი, სტომატოლოგი, რომელსაც ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამოსდის, მასთან ვიზიტისას ბავშვს თბილად გაესაუბრება, კარგად აუხსნის ყველაფერს, ბავშვის ყველა კითხვას დააკმაყოფილებს პასუხით, საშუალებას მისცემს ბავშვს, თუნდაც დააჭერინოს ხელში და კარგად დაათვალიერებინოს ის ინსტრუმენტები, რომლებსაც მუშაობის პროცესში გამოიყენებს. ვიზიტის ჩანიშვნამდე, სასურველია, გავესაუბროთ სპეციალისტს ბავშვზე და თუკი რაიმე გასათვალისწინებელი დეტალია, წინასწარ გავიაროთ მასთან ერთად.

2026 წლის კვლევამ, რომელიც ჩატარდა ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქის 4 წლის ბავშვებსა და მათ მშობლებში, შეისწავლა თაობათაშორისი კავშირი სტომატოლოგიურ შფოთვას/შიშსა და ადრეულ ასაკში სტომატოლოგიური მომსახურებით სარგებლობას შორის. კვლევამ აჩვენა, რომ დედის მხრიდან სტომატოლოგიური შიშის მაღალი დონე უკავშირდება ბავშვებში დენტოფობიის უფრო მაღალ გავრცელებას. ამასთან, უფრო მაღალი რისკები აღენიშნებოდათ იმ ბავშვებს, რომლებიც რეგულარულად არ დადიან სტომატოლოგთან და რომელთაც კარიესის ისტორია აქვთ. დამტკიცებულია, რომ ბავშვებში პროფილაქტიკური მიზნით სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალში ინვაზიური მკურნალობისა და უარყოფითი გამოცდილების მიღების შანსებს.
2011 წლის პედიატრიულ სტომატოლოგიაში არსებული კვლევების მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ არაფარმაკოლოგიური მეთოდებიდან ყველაზე მაღალი ეფექტურობით “უთხარი - აჩვენე - გააკეთე” ('Tell-Show-Do' ) ტექნიკა გამოირჩევა. როგორ მუშაობს ის:
1. უთხარი: ექიმი მარტივი, ასაკისთვის შესაფერისი ენით უხსნის ბავშვს პროცედურას.
აჩვენე: უსაფრთხოდ აჩვენებს ინსტრუმენტს (მაგალითად, ჰაერის ჭავლს ასხურებს ბავშვის თითზე).
3. გააკეთე: მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს უშუალოდ პროცედურის ჩატარებას.
მიმოხილვაში მოყვანილი კვლევები აჩვენებს, რომ ამ სამეტაპიანი მეთოდის გამოყენებისას ბავშვის გულისცემის სიხშირე საგრძნობლად მცირდება და სტრესის ჰორმონის ანუ კორტიზოლის დონე ნერწყვში იკლებს. ეს ადასტურებს, რომ მეთოდი იცავს ბავშვს „უეცარი შოკისგან“.
ჩატარებული კვლევების რეკომენდაციები ხაზს უსვამს, რომ ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სტომატოლოგიური პროფილაქტიკური ვიზიტების მნიშვნელობის პოპულარიზაციასა და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაზე. მსგავსი მიდგომით ბავშვის შემზადება, ფაქტიურად, ყველა სიტუაციისათვისაა შესაძლებელი. ასეთი მცირე ნაბიჯების გადადგმა, უფრო გაუადვილებს ბავშვს სიხლეების მიღებას და დაეხმარება მათთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში.

მარიამ ხმალაძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc., ფსიქოარსის გუნდის წევრი




Comments