პროფესია - ფსიქოთერაპია
- psychoarsicenter
- 2 days ago
- 1 min read
საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ვკითხულობთ, რომ რეგულირებადი პროფესია არის საქმიანობა, რომლის წინაპირობაა, შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან პროფესიული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის გარდა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა.
დღესდღეობით, საქართველოში ფსიქოთერაპია, როგორც რეგულირებადი პროფესია, არ არსებობს. აკადემიური განათლება ფსიქოთერაპიაში (მაგ. პოსტდიპლომური განათლება, რეზიდენტურა, სალიცენზიო ან სასერთიფიკატო გამოცდა), როგორც ეს, მაგ., მედიცინაშია, საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება.
EAP-ის (European Association of Psychotherapy) სტანდარტით, ფსიქოთერაპიაში სპეციალიზებისთვის ადამიანს ესაჭიროება, პირველ რიგში, აკადემიური ხარისხი (მინიმუმ ბაკალავრის, ასევე შესაძლოა მაგისტრის, დოქტორის) სოციალურ ან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ფილოსოფია, სოციალური მუშაობა...), შემდგომ EAP-ში აკრედიტებული სკოლის სასწავლო პროგრამის გავლა ფსიქოთერაპიის კონკრეტულ მოდალობაში.
EAP-ის დღევანდელი სტანდარტის მიხედვით, აკრედიტებული სკოლის სასწავლო პროგრამა ფსიქოთერაპიის კონკრეტულ მოდალობაში არის მინიმუმ 4 წლიანი, რომელიც მოიცავს სავალდებულო კომპონენტებს, მოდალობის თეორია-მეთოდოლოგიის შესწავლასა და დაუფლებას, ხოლო კვლევით ნაშრომზე მუშაობას შესაძლოა დაეთმოს მე-5 წელი. პროგრამები ასევე მოიაზრებს პირად თერაპიას, კლინიკურ პრაქტიკას და სუპერვიზიას.
EAP-ის მიერ, დღესდღეობით, ვალიდურად აღიარებულია ფსიქოთერაპიის შემდეგი მოდალობები:
1. ბიოსინთეზი
2. ბიოენერგეტიკული ანალიზი
3. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT)
4. ფსიქოანალიზი, ფსიქოანალიზური და ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია
5. სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია
6. გეშტალტთერაპია
7. ჰიპნოთერაპია
8. ინტეგრირებული ფსიქოთერაპია
9. NLP
10. ფსიქოორგანული ანალიზი
11. პოზიტიური ფსიქოთერაპია
12. ფსიქოსინთეზი
13. სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია
14. ფსიქოდრამა
15. კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია
16. ლოგოთერაპია და ეგზიზტენცანალიზი
17. მულტიმოდალური მიდგომა
18. ტრანსაქციული ანალიზი
19. რეალობით თერაპია
20. მაკავშირებელი ფსიქოთერაპია
მაშასადამე, რომელ მოდალობასა და სკოლას აირჩევთ თქვენ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ეს დამოკიდებულია თქვენს ინტერესზე, პირად გამოცდილებაზე, კონკრეტული მოდალობის ეფექტიანობის მიმართ რწმენაზე, თქვენს სურვილსა თუ გემოვნებაზე.
თამარ მერაბიშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc., PhD., ფსიქოარსის დირექტორი.



Comments