ფსიქოლოგი VS. ფსიქოთერაპევტი VS. ფსიქიატრი
- psychoarsicenter
- 2 days ago
- 2 min read
Updated: 4 hours ago
ვინ არის ფსიქოლოგი? ფსიქოთერაპევტი? ფსიქიატრი? ხშირად ხდება ამ სპეციალისტთა ერთმანეთთან გაიგივება ან მათ საქმიანობათა ერთმანეთში არევა. მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება კი შესაძლოა არათანმიმდევრული ან დიქოტომიური იყოს.
საქმე იმაშია, რომ ფსიქოლოგი არის ზოგადი სპეციალისტი, რომელსაც ზოგადფსიქოლოგიური განათლება აქვს. ფსიქოლოგია მრავალდარგობრივია: განათლების ფსიქოლოგია, ბავშვის ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, მართვისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია, ფსიქოსომატიკა, პათოფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, იურიდიული ფსიქოლოგია და ა.შ. ფსიქოლოგი შესაძლებელია იყოს ზოგადი სპეციალისტი ან კონკრეტული დარგობრივი განათლებით სპეციალიზდებოდეს, ის შესაძლოა იყოს მეცნიერ-მუშაკი, მკვლევარი ან თეორეტიკოსი. მაგრამ ცალკე აღებულ ფსიქოლოგს შესაძლოა არ ჰქონდეს ფსიქოთერაპიული განათლება და სპეციალური მომზადება.
რაც შეეხება ფსიქოთერაპევტს, ის პროფესიით შესაძლოა იყოს ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი ან სპეციალიზდებოდეს სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (მედიცინა, სოციოლოგია, ფილოსოფია, სოციალური მუშაობა), რომელსაც ასევე დამატებით გავლილი აქვს მომზადება კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის მიმართულებით. მაშასადამე, როდესაც კონკრეტულ ნევროტულ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემატიკაზე ვსაუბრობთ, ვიზიტი საჭიროა ფსიქოთერაპევტთან და არა ფსიქოლოგთან.
ფსიქიატრი კი პროფესიით ექიმია, რომელიც მედიცინის ერთ-ერთ დარგში, ფსიქიატრიაში სპეციალიზდება. ის ორიენტირებულია ფსიქიკური დაავადებების სიმპტომატიკის მოხსნასა და შესუსტებაზე, ასევე რემისიის მიღწევაზე. ის ძირითადად აქცენტს აკეთებს მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა, შესაძლოა, კონკრეტული ფსიქიატრი, ამასთანავე, იყენებდეს კონკრეტულ ფსიქოთერაპიულ მეთოდოლოგიას მკურნალობის პროცესში, ან პარალელურად გადაამისამართოს პაციენტი ფსიქოთერაპევტთან. ფსიქიატრს შეხება აქვს კონკრეტული ფსიქიკური აშლილობის, ფსიქოპათოლოგიის მქონე პაციენტთან, რომელსაც ზემოთ აღნიშნული მეთოდიკით უმკურნალებს.

ფსიქოთერაპევტს კი საქმე აქვს როგორც კონკრეტულ დაავადებასთან, მაგ. შფოთვითი, პანიკური აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, დეპრესია, ადიქციური აშლილობები, სექსუალური დარღვევები, ფსიქოსომატური ჩივილები, ა.შ.; კონკრეტულ ფსიქოლოგიურ პრობლემატიკასთან, როგორიცაა შფოთვა, ფობიები, თვითშეფასების პრობლემატიკა, აგრესიულობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, კომუნიკაციური სირთულეები და ა.შ. ასევე ფსიქოთერაპევტი მუშაობს „პრაქტიკულად ჯანმრთელ“ ადამიანებთან, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა ფსიქოლოგიური სირთულეები, როგორიცაა ფსიქოლოგიური ტრავმა, სტრესი, კრიზისი, საზრისის ძიება, ოჯახური თუ პიროვნებათშორისი კონფლიქტები. ფსიქოთერაპევტი მათ ეხმარება სირთულეების დაძლევაში და პიროვნულ ზრდაში კონკრეტული ფსიქოთერაპიული მეთოდიკითა და ტექნიკებით. ფსიქოთერაპევტმა უნდა იცოდეს ფსიქოპათოლოგიები, უნდა შეეძლოს მათი ამოცნობა, გამიჯვნა, სიმპტომატიკის სპეციფიკა და მათთან მუშაობა, თუმცა მისი პრეროგატივა არ არის დიაგნოზის დასმა და მით უფრო, მედიკამენტოზური მკურნალობა.

თამარ მერაბიშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc., PhD., ფსიქოარსის დირექტორი.



Comments