top of page

ინტროვერსია vs. ექსტროვერსია (ნეტავ, შესაჯიბრია აქ რამე?!)

  • Jul 7
  • 3 min read

მშობელს არ მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ და თავიდანვე მაძლევს მითითებას: „არ იყო საკუთარი თავი, იყავი სხვა ბავშვი.“ ალბათ ბევრს ემახსოვრება ბავშვობიდან, თუ როგორ იხდიდნენ ბოდიშს მშობლები საკუთარი შვილის დაბნეულობის, სიჩუმის და სიმორცხვის გამო, ადარებდნენ სხვა ბავშვებს და ეუბნებოდნენ: „შენც რატომ არ შეგიძლია იმ მეზობლის ან ნათესავის ბავშვივით აქტიური, ცოცხალი და სწრაფი იყო? ასეთი ნელი და მოსაწყენი როგორ ხარ?...“ მშობლებმა შესაძლოა არჩიონ უმცროსი ბავშვი უფროსს, ან ძმა დას ან პირიქით. დედამ შეიძლება მუდმივად შეადაროს თავისი შვილი სხვა ბავშვებს: „პატარა საბა უკვე ორბორბლიან ველოსიპედს ატარებს, არადა ის ერთი წლით პატარაა შენზე.“ დედას არ მოსწონს საკუთარი შვილი ისეთი როგორიც არის, რადგან ის ინახავს სასურველი „იდეალური ბავშვის“ ხატს. მას „სწორი ბავშვი“ ასეთად წარმოუდგენია: ბავშვი უნდა იყოს აქტიური, კომუნიკაბელური, თამამი, სწრაფი, სხარტი, აგრესიული, რომელიც იჩხუბებს და თავს დაიმკვიდრებს. ამიტომ ის დადებითად რეაგირებს ბავშვის მხოლოდ იმ ასპექტებზე, რომლებიც ამ ხატს ახსენებს, დანარჩენებს ან იგნორირებას უკეთებს ან ნეგატიურად რეაგირებს. მშობლების მსგავსი ქცევები თავად მათივე თვითშეფასებით არის განპირობებული. ისინი საკუთარი თავის მიღების მდგომარეობაში რომ არ არიან, ამიტომ ვერ იღებენ შვილს ისეთს, როგორიც ის არის. 


როდესაც მსგავს მაგალითებს ვეხებით, მათ, პიროვნების ფსიქოლოგიაში უმნიშვნელოვანეს, ტიპოლოგიის პრობლემატიკასთან, მივყავართ. ადამიანის ტიპოლოგიაზე საუბრისას, შესაძლოა, გამოვყოთ ორი ძირითადი დისპოზიცია: ტემპერამენტი და ხასიათი. ტემპერამენტი თანშობილი, თანდაყოლილი დისპოზიციაა, ხოლო ხასიათი - ცხოვრების მანძილზეა შეძენილი.

კ. იუნგის ინტროვერსია-ექსტროვერსიის ტიპოლოგია თანდაყოლილი, ბიოლოგიურად და ფიზიოლოგიურად განპირობებულია. ჰ. აიზენკმა ექსტროვერსია-ინტროვერსიის გენეტიკური განზომილება, „სუპერფაქტორი“, კონტინუუმი გამოყო, რომლებიც ტემპერამენტის ოთხ ტიპთან შეასაბამა. ექსტროვერსია კორელაციაშია სანგვინიკთან და ქოლერიკთან, ხოლო ინტროვერსია - ფლეგმატიკთან და მელანქოლიკთან. 

როგორც საზოგადოებაში ჩანს, მაინც სოციალურად მისაღები პიროვნული მახასიათებლების ვიწრო დიაპაზონია. ჩვენ გვასწავლიან, რომ წარმატებულობა ნიშნავს გახსნილობას, სისწრაფეს, სისხარტეს, ძლიერ კომუნიკაბელურობას, ბედნიერება ხალისთან, მხიარულებასთან, ადამიანებთან იოლი კონტაქტების შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ თავს ექსტროვერტების ნაციად და მხედველობიდან ვუშვებთ იმას, რაც სინამდვილეში ვართ. „თქვენ თუ თავად არ ხართ ინტროვერტი, შეიძლება ის იყოს თქვენი მეუღლე, კოლეგა, მეგობარი ან ნათესავი. სამიდან ერთი ადამიანი, ვისაც თქვენ იცნობთ, შეიძლება იყოს ინტროვერტი. თუ ეს სტატისტიკა გაკვირვებთ, იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი უბრალოდ ექსტროვერტად გვაჩვენებს თავს. აბსოლუტურად გასაგებია, თუ ბევრი ინტროვერტი რატომ ფარავს სხვებისაგან და საკუთარი თავისგანაც საკუთარ ჭეშმარიტ სახეს“ (ს. კეინი).

ჩვენს საზოგადოებას მართავს „იდეალური ექსტროვერტის“ ღირებულებათა სისტემა. ინტროვერსიის მახასიათებლებია სიწყნარე, სინელე, ნაკლები ექსპრესიულობა, მგრძნობიარობა, სერიოზულობა და სიდინჯე, რომლებიც მეორე რიგის თვისებებად ითვლება. ექსტროვერსია განსაკუთრებით მომხიბვლელია, რომელსაც ყველა რატომღაც უნდა შეესაბამებოდეს.

  • კვლევები ადასტურებს, რომ მოლაპარაკე ადამიანები ითვლებიან უფრო ჭკვიანებად, ლამაზებად, საინტერესოებად და მეგობართა შორის სასურველებად.

  • ამასთან, საუბრის ტემპს და სიმაღლესაც აქვს მნიშვნელობა: ადამიანები, რომლებიც სწრაფად ლაპარაკობენ, ითვლებიან უფრო კომპეტენტურებად, ვიდრე ისინი, ვინც ლაპარაკობენ ნელა.

  • ჩვენი საზოგადოების ბევრი ინსტიტუტი ორიენტირებულია ხალხზე, რომლებიც სიამოვნებით მუშაობენ გუნდურ პროექტებზე.

  • კვლევების თანახმად, პედაგოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იდეალური მოსწავლე უნდა იყოს ექსტროვერტი.

  • ამერიკელი ფსიქოლოგი ოლპორტი წერდა: “თანამედროვე ცივილიზაცია, დინჯი და თავშეკავებული ადამიანიც კი უპირატესობას ანიჭებს ექსპრესიულ, აგრესიულ ადამიანებს.“

საზოგადოებისგან (პირველ რიგში საკუთარი მშობლებისგან) უარყოფილი და გაკრიტიკებული ბავშვი, შემდგომში, სანამ გაიგებს და მიხვდება (თუ გაიგებს და მიხვდება) ინტროვერტულობის ბუნებას, ის ფიქრობს და იფიქრებს, რომ მას რაღაც ისე ვერ აქვს, რაღაც სჭირს. ეს განცდები შესაძლოა მთელი ცხოვრება გაჰყვეს ადამიანს, გადაიზარდოს არასრულფასოვნების კომპლექსში და დანაშაულის განცდაში, თუ რატომ არის ასეთი?! შესაძლოა სინდისმა შეაწუხოს მაშინ, როცა უარს იტყვის წვეულებაზე მიპატიჟებაზე იმის გამო, რომ მარტოს კარგი წიგნის წაკითხვა ურჩევნია (თუ ის მაინც აქვს გაცნობიერებული, რომ წიგნის წაკითხვა ურჩევნია, ეს კიდევ უკეთეს შემთხვევად შეგვიძლია მოვიაზროთ, რადგან ფსიქოთერაპიაზე ინტროვერტი პაციენტების უმრავლესობას ისე აქვს დაკარგული თავი, ისიც კი არ იცის, რა ურჩევნია და დანაშაულის განცდა ზოგადად თავისი არსებობის გამო უჩნდება). ხშირად ეკითხებიან, რატომ არის ასეთი ჩუმი, წყნარი? მასაც სჯერა, რომ „კარგი“, „სწორი“ მდგომარეობა ექსტროვერტული ექსპრესიაა და იტანჯება საკუთარი „არასრულყოფილი“ ბუნების გამო.

ინტროვერტებსა და ექსტროვერტებს შორის განსხვავება მრავალი პარამეტრის მიხედვით დასტურდება კვლევებით (რაზეც შემდგომში გიამბობთ) და მერწმუნეთ, საერთოდ არ არის საჭირო შეჯიბრი, აქ არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ ტიპი, „კარგი“ და „ცუდი“ პიროვნების ვერსია, ეს ყველაფერი დისპოზიციური მოცემულობაა.

„შეიცან თავი შენი“, იფიქრე საკუთარ აზრებზე, ბუნებაზე, სურვილებზე, ითანამშრომლე საკუთარ თავთან, გაიცანი ის, მიჰყევი რეფლექსიის პროცესს, საკუთარი თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ!

თამარ მერაბიშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc, PhD, ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ დირექტორი

 
 
 

Comments


bottom of page