top of page

ანთროპოანალიზი

ფსიქოდინამიკური ორიენტაციის ფსიქოთერაპიული მოდალობა

ანთროპოანალიზი - თეორია და მეთოდოლოგია

ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა ანთროპოანალიზი 90-იან წლებში ჩამოაყალიბა ქართველმა ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გივი მერაბიშვილმა.

ანთროპოანალიზური ფსიქოთერაპიის ბაზისური საფუძვლები ეყრდნობა ზ. ფროიდის კლასიკურ ფსიქოანალიზს და ქართველი მეცნიერის, დ. უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიას.

ფსიქოანალიზის მიხედვით, ფსიქიკურ აშლილობათა მიზეზად მიჩნეული იქნა წინააღმდეგობა ცნობიერსა და არაცნობიერს, მორალსა და რეალობას შორის, რის გამოც ვერ ხერხდება ბუნებრივი სექსუალური მოთხოვნილებების, ლტოლვების რეალიზება. მაინც წინააღმდეგობის გენერალური ხაზი გადის არქაულიდან მომდინარე აგრესიულობას, ინცესტს, ბისექსუალობასა და მორალს შორის დაპირისპირებაზე. აშლილობათა მიზეზი უნდა ვეძებოთ 5-6 წლამდე ასაკში, ფსიქოსექსუალური განვითარების კვალდაკვალ, ფსიქოსექსუალურ სტადიებზე ფიქსაციის შედეგად. ფსიქოანალიზურ მიდგომაში ფროიდმა სწორად განსაზღვრა დაავადების მიზეზის მოძებნის და მისი გაცნობიერების აუცილებლობა, ასევე ამ პროცესის განხორცილების გზა. რეგრესიის მეთოდით ხდება ჩასვლა არაცნობიერში, ადრეულ ბავშვობაში, სადაც არის დაავადების განმსაზღვრელი იმპულსები.

დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით, „განწყობა“ არის ადამიანის მთლიანობითი მდგომარეობა, მზაობა, როცა ხდება მიზანშეწონილი ქცევის განმსაზღვრელი შინაგანი და გარეგანი ფაქტორების არაცნობიერი შეკავშირება. შინაგანი ფაქტორები გაერთიანებულია მოთხოვნილების, ხოლო გარეგანი - მისი დაკმაყოფილების სიტუაციის კატეგორიაში. სქემატურად ეს ვითარება ასე შეიძლება გამოვსახოთ: მოთხოვნილება + სიტუაცია -> განწყობა -> ქცევა. უზნაძე თავის მოსწავლეებთან ერთად სწავლობდა განწყობის თავისებურებებს, როგორც ნორმის, ისე პათოლოგიის შემთხვევებში. ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ პათოლოგიის დროს განწყობის გამოვლენა სხვაგვარად ხდება. განწყობის ფენომენის განსხვავებულ თავისებურებაზე მიუთითებს აგრეთვე დ. უზნაძის დებულებები არარეალიზებული განწყობების და მცდარი განწყობისეული მოქმედების გასწორებისათვის ობიექტივაციის (გაცნობიერების) გამოყენების შესახებ. ასეთ შემთხვევებში გამოდის, რომ განწყობისეულ აქტივობას რაღაც აფერხებს.

თუ ნორმალურ შემთხვევაში განწყობა მოთხოვნილებისა და შესატყვისი სიტუაციის თანხვედრით იქმნება, პათოლოგიის სფეროში ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში განწყობა ფორმირდება სიამოვნებაზე დაფუძნებული ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილების და მისი ამკრძალავი სიტუაციის მიმართების ნიადაგზე. ჩვენი შეხედულებით, პათოლოგიური განწყობა ასე გამოიყურება: მოთხოვნილება (მინდა) + სიტუაცია (არ შეიძლება) -> პათოლოგიური განწყობა -> ქცევა (ქცევის აკრძალვა ან პათოლოგიური აქტივობა). ასეთი განწყობა მუდმივი სტრესორია, განუწყვეტელი შინაგანი კონფლიქტების წყარო, რამდენადაც მოთხოვნილების აღძვრისას მყისიერად აღმოცენდება მისი აკრძალვის სიტუაცია შიშის ფორმით. რაც უფრო ძლიერია მოთხოვნილება, მით უფრო ძლიერია შიშიც. იკრძალება არა მხოლოდ სასურველი ქცევა, არამედ მასზე ფიქრი და სასურველის აზრად დაშვებაც, ან ადგილი აქვს პათოლოგიურ აქტივობას.

მაშასადამე, ფსიქიკურ აშლილობათა მიზეზია ვიტალური მოთხოვნილების აკრძალვა. ამ ვითარებას განსაზღვრავს ყველაზე უფრო მძლავრ და სასიამოვნო ვიტალურ მოთხოვნილებაზე, სექსუალურ ლტოლვაზე, ყველაზე უსიამო განცდის, შიშის დადება. სექსუალობაზე მსჯელობისას ჩვენ მხედველობაში გვაქვს მისი ფართო, ფროიდისეული გაგება, როცა ჭამაც, მოშარდვაც, კუჭში გასვლაც და მისთანები სექსუალურ აქტად განიხილება. ამგვარად, ერთ მაგისტრალურ ღერძზეა სიცოცხლე, სექსი და სიამოვნება, რომელშიც ორგანულადაა ჩართული კვებაც, მონელებაც, სისუფთავეც, უსაფრთხოებაც და ა.შ. როცა ხდება ამ მოთხოვნილებათა ბლოკირება სიტყვიერი აკრძალვით, ჟესტით, მიმიკით თუ სხვა სახის ქმედებით, ბავშვი ზოგჯერ თავისდაუნებურად მიიჩნევს მათ შემდგომ განხორციელებას საშიშად. ეს არის სწორედ ფსიქიკური ტრავმა.

დაავადებათა პირველმიზეზის განსაზღვრისას ზ. ფროიდისაგან განსხვავებით ჩვენ ვაყენებთ ორ მნიშვნელოვან პრინციპს:

  • სულიერ აშლილობას იწვევს არა დაპირისპირება სამ ძირითად ლტოლვასა და მორალს შორის, არამედ ნებისმიერ ვიტალურ მოთხოვნილებაზე დადებული შიში.

  • წინააღმდეგობრივი კომპლექსი ჯერ ცნობიერად კი არ იქმნება და მერე განიდევნება არაცნობიერში, არამედ იმთავითვე არაცნობიერად ყალიბდება განწყობის სახით.

რისკ-ფაქტორი ის მაპროვოცირებელი აგენტია, რომელსაც შესატყვის სიტუაციაში დაავადების გამოწვევა შეუძლია. მისი ამოქმედების საშიშროება 6 წლამდე ასაკშია მოსალოდნელი. ამ მხრივ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები შემდეგია:

  • ჭამის, მოშარდვის, კუჭში გასვლის შეკავება სიტყვით ან ქმედებით აკრძალვისას;

  • დაბანისას ტკივილის მიყენება;

  • ოჯახში უმცროსი და-ძმის გაჩენა;

  • მშობლების სექსუალური აქტის ხილვა;

  • კასტრაციით დამუქრება;

  • დედის დაკარგვის განცდა;

  • დედ-მამის ჩხუბი;

  • სხვადასხვა აკრძალვა და დამსჯელობითი ღონისძიება და ა.შ.

არსებობს კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი რისკ-ფაქტორები: პირველს მიეკუთვნება მოვლენები, რომელთა აკრძალვას ახორცილებენ მშობლები და აღმზრდელები. მაგ., დედა ემუქრება ბავშვს მიტოვებით. ხოლო მეორეს იწვევს სიტუაციური საშიშროებები. მაგ., ბავშვი ქუჩაში სეირნობისას უცებ ვერ დაინახავს დედის სახეს და იფიქრებს, რომ დაიკარგა; ჭამა შეუღლდეს ძლიერ ჭექა-ქუხილთან ან ყვირილთან.

 

ანთროპოანალიზში შევიმუშავეთ ფსიქორეგულაციის სამპლანიანი მოდელი:

 

1. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია;

2. ჯგუფური ფსიქოთერაპია;

3. ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა.

 

პათოლოგიური განწყობის ფორმირება ექვს წლამდე ასაკში ხდება, ამოცანა ითვალისწინებს ამ პერიოდშივე მის განეიტრალებას. ფსიქოპროფილაქტიკური და ფსიქოჰიგიენური ღონისძიებების გატარება წარმატებით შეუძლიათ სათანადოდ მომზადებულ მშობლებსა და აღმზრდელებს.

ანთროპოანალიზის მკურნალობის მეთოდოლოგია:

 

  • ანალიზური მეთოდი (გაცნობიერება, ანალიზი, რეგრესიის მეთოდი, ადრეულ ბავშვობაში დაბრუნება, პათოლოგიური განწყობის ჩამოყალიბებისთვის ხელშემწყობი რისკ-ფაქტორების გააზრება და კლარიფიკაცია, ოჯახური კონსტელაციის განსაზღვრა, ოჯახური პორტრეტის აგება და ა.შ).  

  • რეფლექსიის ტექნიკა - ჩვენმა ფსიქოთერაპიულმა პრაქტიკამ ნათლად აჩვენა, რომ უმთავრესია რეფლექსიის ანუ ფიქრის შიში, რასაც ჩვენ რეფლექსოფობია ვუწოდეთ. ანთროპოანალიზური  ფსიქოთერაპიის უმთავრესი ამოცანა სწორედ მისი განეიტრალებაა. სოკრატესათვის რეფლექსია არის ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. პლატონისათვის იგი არის გონების ერთადერთი ფუნქცია. ლაიბნიცი თვლიდა, რომ რეფლექსია იმაზე ყურადღების მიმართვაა, რაც ჩვენში ხდება. "რეფლექსირება" ნიშნავს ფიქრს საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, რისი საშუალებითაც უნდა მივიღოთ ცოდნა ყოფიერებაზე და ცნობიერებაზე. ირღვევა ფსიქიკის ნაკადისებური მიმდინარეობა, როცა შიში აჩენს სხვადასხვა სახის ბარიერს. ტექნიკის მიზანი ფიქრთა თავისუფალი დენადობის აღდგენაა.

  • აუტოტრენინგი (რელაქსაცია; სუნთქვა; სითბოს გამოწვევა; სიმძიმის გამოწვევა; პულსაცია, ა.შ.) აუტოტრენინგი ძირითადად ორიენტირებულია სხეულზე, მისი სამკურნალო ეფექტი ვარირებს ფიზიკური დაძაბულობის შემცირებისა და მოხსნიდან ფსიქოსომატური ჩივილების აღმოფხვრამდე.  

 

  • თავისუფალი ვარდნა - ფსიქორეგულაციისთვის უფრო მნიშვნელოვანია, მივეჩვიოთ სასიამოვნო, ინტიმურ ფიქრებს. პათოლოგიური განწყობის ამბივალენტობიდან იხსნება „არ შეიძლება“ და რჩება „მინდა“ (სიცოცხლე, სიამოვნება, სექსი). თავისუფალი ვარდნისას ვაკვირდებით სხეულს, შეგრძნებებს. ასეთი ფიქრების აქტივაცია და შენარჩუნება განსაკუთრებულად უჭირთ პათოლოგიური განწყობის მქონე პაციენტებს, რომლებიც იტანჯებიან ფიქსაციებით, ფიქსირებული განწყობებით. ვარჯიში იწყება მეტ-ნაკლებად სასიამოვნო ფიქრებით და მიდის განსაკუთრებულად სასიამოვნო, ინტიმური ფიქრებისაკენ.

ანთროპოანალიზის მიხედვით, თავისუფალი, სასიამოვნო რეფლექსიის მიღწევა არის ფსიქორეგულაციის უმაღლესი დონე და ფსიქიკური სტაბილურობის მაჩვენებელი.  

bottom of page