top of page
Soft Ripples Pattern

ფსიქოჰიგიენა

ფსიქოჰიგიენა არის ჩვევათა სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გაძლიერებას და სტრესის პრევენციას. ის ეხება გონებას, ემოციებს, ქცევას, ასევე სხეულს, რამდენადაც ფსიქიკა, ფსიქიკური პროცესები, აზრები, ფიქრები, ემოციები, რწმენები გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე და ხშირად იწვევს ფსიქოსომატურ ჩივილებსა და აშლილობებს. მაშასადამე, ფსიქოჰიგიენაში შეგვიძლია მოვიაზროთ ფსიქოფიზიკური რეგულაცია და კეთილდღეობა.

ფსიქოჰიგიენა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა:

  • ფსიქორეგულაცია - ჩვენი აზრებისა და ფიქრების გაცნობიერება და მართვა

  • ემოციური ბალანსი – საკუთარი გრძნობების გაცნობიერება და მართვა

  • სტრესის მართვა – დაძაბულობის მოხსნა და რეგულაცია

  • ჯანსაღი ურთიერთობები – მხარდამჭერი და სტაბილური სოციალური კავშირები და წყვილთაშორისი ურთიერთობები

  • სხეულის ფლობა - რელაქსაცია; სუნთქვა

  • ფიზიკური აქტივობა - ვარჯიში; ველოსიპედი; ცურვა და ა.შ.

  • დასვენება და ძილი – რეგულარული და ხარისხიანი აღდგენა

  • თვითზრუნვა – საკუთარ საჭიროებებზე ყურადღების გამახვილება და კეთილდღეობა

Zen Garden Sand

გივი მერაბიშვილის ჯანსაღი ცხოვრების 10 მცნება

1. ფიზიკური ვარჯიში. აუცილებელია დილის გამამხნევებელი ვარჯიში - ყველა კუნთის და სახსრის გავარჯიშება. სასურველია სირბილი და ბურთის თამაში. ვარჯიშისას დატვირთვები ნელ-ნელა გაზარდეთ.

2. ფეხით სიარული. სამსახურში თუ სასწავლებელში ფეხით წასვლა. ბუნებაში სეირნობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად, თუნდაც მარტო. დასვენების დღეებში ლაშქრობები.

3. სუნთქვის ვარჯიშები. სუნთქვა - ფიზიკური ვარჯიშის თანშეწყობა.

4. მასაჟი. ტანის დაზელვა და დატყაპუნება. სასურველია ვარჯიშის წინ და შემდეგაც.

5. წყლის პროცედურები. სველი ტილოთი ტანის დაზელვა გაწითლებამდე. კონტრასტული (ცივი-ცხელი) შხაპის მიღება.

6. ძილი. ჩვევის შემუშავება, რომ დაძინება და გაღვიძება ერთიდაიგივე დროს მოხდეს. არ ვარგა ძილის წინ კითხვა, ტელევიზორის ყურება, მითუმეტეს, საძილე აბების გამოყენება. მომავალი დღე უფრო ადრე დაგეგმეთ. სასურველია ძილის წინ გასეირნება, საზრუნავის მოცილება.

7. კვება. მოერიდეთ მკაცრ დიეტებს, წონის სწრაფად დაკლებას. ეს უნდა ხდებოდეს ზომიერი კვების და ვარჯიშის საშუალებით. ყველა სახის საკვები მიიღეთ მცირე რაოდენობით - მოერიდეთ ნაყროვანებას, ჭამის დასასრულს, ოდნავ შიმშილის განცდა სჯობს გქონდეთ.  

8. მედიტაცია. ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობის განტვირთვა, ტკივილების მოხსნა, ზოგიერთი სხეულებრივი დაავადების განკურნება.

9. ფსიქორეგულაცია. ესაა უმთავრესი, როცა ხდება ფიქრების ნორმალიზება. არ არსებობს მიუღებელი, მკრეხელური ფიქრები. ფიქრი განსჯის საშუალებაა, რომლის საფუძველზეც მივდივართ სწორ დასკვნამდე. ფსიქორეგულაციით ხდება საკუთარი თავის შეცნობა - გაძლიერება და რეალური თვითფლობის მიღწევა.

10. ინტერესები და ურთიერთობა. მონახეთ საინტერესო საქმე, იურთიერთეთ საინტერესო ადამიანებთან. არ დაითრგუნოთ დროებითი წარუმატებლობით. ასევე არ გაყოყოჩდეთ წარმატებით. დაისახეთ შორეული მიზანი, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ.

 

ჩვენი პაციენტები ეფექტურად გამოიმუშავებენ ფსიქოჰიგიენურ ჩვევებს: ფსიქორეგულაცია (რეფლექსია და თავისუფალი ვარდნა); ემოციური ბალანსი; სტრესის მართვა; ჯანსაღი ურთიერთობები; სხეულის ფლობა - რელაქსაცია; სუნთქვა; დასვენება და ძილი; თვითზრუნვა კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

ფსიქოჰიგიენის პროგრამა შემუშავებულია ფსიქოარსის დამფუძნებლის, გივი მერაბიშვილის მიერ „ანთროპოანალიზის“ ბაზაზე

bottom of page